საჯარო საუბრის უნარების გაუმჯობესების, აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის, საკუთარი კომპეტენტურობის დამტკიცების მეთოდებია წარმოდგენილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტის ნატა ასათიანის წიგნში „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“, რომლის პრეზენტაციაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სახელმძღვანელო „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ერთ-ერთი პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც საჯარო გამოსვლის სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ უამბობს მკითხველს.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის და მარკეტინგის სპეციალისტები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც წიგნის ავტორმა აღნიშნა, ეს არის წიგნი ყველასთვის: სტუდენტებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მათთვის, ვისაც უწევთ საჯაროდ საუბარი და თავიანთი აზრის არგუმენტირებულად გამოთქმა. „ეს არის ყველასთვის ვისაც ცოტათი მაინც შეშინებია ამ მდგომარეობის, რომ დაძლიონ ეს უხერხულობა და ისწავლონ როგორ უნდა ისაუბრონ, რათა თავიანთი სათქმელი მიიტანონ აუდიტორიამდე“, - აღნიშნა ნატა ასათიანმა. მისივე განმარტებით, წიგნში ვრცლად არის მიმოხილული საჯარო გამოსვლის სტრატეგია და ის ნაბიჯები, რაც გასათვალისწინებელია წარმატების მისაღწევად.
„ძალიან საინტერესო წიგნია. ის არა მხოლოდ სტუდენტებს გამოადგებათ, არამედ ყველას, ვისაც აქვს შეხება საჯარო გამოსვლასთან - ეს იქნება პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, პროფესორი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი. ერთ-ერთი პირველი წიგნი არის საქართველოში ამ მიმართულებით, ვულოცავ ავტორს და ვულოცავ მკითხველს, რომელსაც საშუალება ექნება გაეცნოს ამ ძალიან საინტერესო გამოცემას“,- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას თქმით, წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნკაციების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ძალიან წაადგება ბევრ ახალგაზრდას კარიერული განვითარებისთვის.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საჯარო გამოსვლების შესახებ ცოდნის მიღება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. როგორც თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, „ამ თემაზე წიგნი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. ეს არა მხოლოდ სპეციალისტებს, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს, როგორც მოზარდს, ასევე ზრდასრულს ნამდვილად გამოადგება იმისთვის, რომ დახვეწოს სიტყვით გამოსვლა და არა მარტო სიტყვით გამოსვლა, არამედ არგუმენტირებული მსჯელობა, კონსტრუქციული დაპირისპირება და ყველაფერი, რაც საუბართან და კომუნიკაციასთანაა დაკავშირებული“.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, პროფესორ თორნიკე გურულის აზრით, ნატა ასათიანის ავტორობით გამოცემული წიგნი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროსთვის. „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ასე ჰქვია ნატა ასათიანის ამ წიგნს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება იმათთვის ვისაც ზოგადად აინტერესებს საჯარო გამოსვლები, ასევე ვინც მუშაობს პიარის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი დარგისათვის და სფეროსთვის ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მე ვურჩევდი ყველას, რომ ამ წიგნს გაეცნოს. განსაკუთრებით მათ ვინც მომდევნო პერიოდში აპირებს საჯარო გამოსვლებს“, - აღნიშნა თორნიკე გურულმა.
წიგნი გამომცემლობამ „პალიტრა L” პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოსცა. "ლურჯი ოკეანე" მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას გამოსცემს ქართულ ენაზე.
სახელმძღვანელო განსაკუთრებით დაეხმარება სტუდენტებს, სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ პირებს, მომავალ პოლიტიკოსებს, გაყიდვების აგენტებს, ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ საჯაროდ საუბარი, კარგი პრეზენტაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია.