მამუკა ხაზარაძე: აქციის ორგანიზატორია „ნაცმოძრაობა“, როცა აქცია იგეგმება, პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის, ჩვენთვის ეს ცნობილი არაა

მამუკა ხაზარაძე: აქციის ორგანიზატორია „ნაცმოძრაობა“, როცა აქცია იგეგმება, პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის, ჩვენთვის ეს ცნობილი არაა

აქციის ორგანიზება გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა - ჩვენთვის ასეთი საკითხები ცნობილი არ არის, შესაბამისად, როგორც პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე ყველას აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა, თავად აქციას არ შეუერთდება.

"ჩემი პერსონალური პოზიციაა, რომ ეს ვენდეტა არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, როცა საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი პროკურორების და სასამართლოს მიერ "ქართული ოცნების" პერიოდში გამოტანილ ბრალდებაზე. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დავასრულოთ. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ ის იყოს გარეთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია "ლელო" ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება. თუმცა, ყველას აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ მივიდეს და თავის პოზიცია დააფიქსიროს. ახლა ყველაზე მთავარია, ჩვენ ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურზე, რადგან იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, "ქართული ოცნება" უნდა ჩამოვაშოროთ მართვას.

მე პერსონალურად არ შევუერთდები აქციას. აქციის ორგანიზება გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა, გრძელდება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის - ჩვენთვის ასეთი საკითხები ცნობილი არ არის, შესაბამისად, როგორც პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას,"- განაცხადა ხაზარაძემ.