ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმისთვის რომ მოვყვე, რაც იმ ციხეში ხდებოდა, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ წინა ხელისუფლების მიერ დაკავებულმა ბიზნესმენმა გენო არეშიძემ განაცხადა. მან გაიხსენა რა ხდებოდა საპატიმროებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარება წარსულთან შეუდარებელია, ის კადრები კი, რომელიც საზოგადოებამ 2012 წელს ნახა, რეალობას სრულად არ ასახავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფებოდით თბილისში, გლდანში, ისეთი წარმოდგენა გვექმნებოდა იქ მყოფებს, რომ საერთოდ სხვა პლანეტაზე ვიყავით და გარეთ თითქოს საერთოდ აღარავინ არსებობს. ზოგჯერ, სასამართლოში რომ მივყავდით, ხანდახან ავტობუსით ხდებოდა გადაყვანა და ავტობუსი იმით იყო კარგი, რომ ფანჯრებიდან ქალაქი ჩანდა. ვუყურებდი ხოლმე ადამიანებს, რომლებიც დილით სამსახურში მიდიოდნენ და გულში ვფიქრობდი: „ამათ წარმოდგენაც არ აქვთ რა ხდება აქედან ერთ კილომეტრში. ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმისთვის რომ მოვყვე, რაც იმ ციხეში ხდებოდა. კატაფალკები ყოველდღე გადიოდა ციხიდან. ჩვენ ამას ვუყურებდით ყოველდღე. კარანტინის დაშლის შემდეგ რა ხდებოდა? ის {ციხის} კადრები დიდი არაფერია რეალობასთან შედარებით. ის კადრები არის რაღაც პატარა, ამოგლეჯილი ეპიზოდი. ერთი ადამიანის ამბავია იმ კადრებში და წარმოიდგინეთ 50 კაცი რომ გაივლის. იქ სისხლის გუბეები დგებოდა“, - იხსენებს არეშიძე.