ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სააკაშვილის დაპატიმრებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მიმდევრები და ბუნებრივიცაა, რომ უკმაყოფილოები არიან. მის დაქვემდებარებაშია რამდენიმე ტელეარხი, რომლებიც მოვლენებიდან მაქსიმალური სარგებლის გამოწურვას ცდილობენ.
ესეც არახალია და არც ამაშია რაიმე განსაკუთრებული, სხვა სცენარს არც ველოდით. არც ის ყოფილა მოულოდნელი, რომ ნაცტელევიზიებმა საგულდაგულოდ იზრუნეს "საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობით აღშფოთებულების" წრის გაფართოებაზე და ამ მიზნით გამონახეს ე.წ. საზოგადო მოღვაწეების მცირე ჯგუფი(ძირითადად, ყავლგასული მომღერლები). ეს ხალხი ძირითადად მიშას "წარსულ ღვაწლზე", სახელმწიფოს წინაშე "დამსახურებებზე" აკეთებენ აქცენტს. სამღვდელოებაშიც გამონახეს რამდენიმე ნაცებისგან დავალებული თუ მონუსხული "სასულიერო პირი", რომლებიც ძირითადად "ჰუმანისტური" პოზიციებიდან გვმოძღვრავენ. ამჯერად არ შევეხები სააკაშვილის "ღვაწლს", "დამსახურებებს" და არც მისი პატიმრობის არაჰუმანურობაზე მსჯელობის აბსურდულობას განვიხილავ. მხოლოდ ერთი, ამ შემთხვევაში, უმთავრესი ასპექტი--არავინ, სააკაშვილის მრავალრიცხოვანი ადვოკატების ჩათვლით, არ ამბობს, რომ მათ რჩეულს დანაშაული არ ჩაუდენია. თქვე ოჯახაშენებულებო! სახელმწიფოს აღმშენებლობაზე, პასუხისმგებლობაზე, დამსახურებებზე და კანონზე ლაპარაკობთ და იმ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვთ, ვისაც სასამართლოს მხრიდან ოთხი დანაშაულის გამო აქვს სასჯელი განსაზღვრული?! "ზრდილობის" გამო, ისე, ყასიდად მაინც თქვით, რომ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია...უტიფრები კი ხართ, მაგრამ ამასაც ვერ ამბობთ, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ.
პ.ს. პოსტში შეგნებულად ავუარე გვერდი საკითხის პოლიტიკურ მხარეს და მხოლოდ სამართლებრივს შევეხე. თუმცა, პოლიტიკურ საკითხს მაინც ვერ ავცდი...ხმაშეწყობილად რომ გაიძახით, სააკაშვილი პუტინის პატიმარიაო, "უნებლიედ" ისევ(უკვე მერამდენედ) ოკუპანტი და აგრესორი სახელმწიფოს პირველი პირის რეკლამას ხომ არ ეწევით?! იმ პუტინის, რომელიც, თქვენივე ლოგიკით, თურმე დამნაშავეებს აპატიმრებს. ეპილოგის მაგიერ...საქართველოს გარდა, ყველას სამსახურში არიან. ზოგი პირდაპირ მტრების სპეცსამსახურების შტატებში ირიცხება, უმრავლესობა კი შტატგარეშედ ემსახურება“.