შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ

შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ

საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანის უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა და ჩვენ ვალდებული ვართ, სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ. ამ კონტექსტში მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებულად დასრულებას. სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდეს ამ შემთხვევის მიზეზები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

ბათუმში ჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.