დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად აქცევს, რომელიც აერთიანებს კონტინენტებს და აკავშირებს ბაზრებს.
„ჩემთვის დიდი პატივია გაეროს მესამე კონფერენციას „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის" მივმართო საქართველოს სახელით, რომელმაც შეძლო და შეზღუდვად-აღქმული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობად აქცია რეგიონული დაკავშირებადობისა და გლობალური ვაჭრობის განვითარებისთვის.
ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.
ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ.
„ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა. თუმცა, მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს", - განაცხადა პრემიერმა.