უკრაინის სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს. ამის შესახებ украiнская правда წერს.
ამ თემაზე გამოცემასთან კომენტარი სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ გააკეთა.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია, თუ როგორ გავიდა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა.
მისივე განმარტებით, უწყების სამხრეთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.