CNN: ბოლო თვეების განმავლობაში, რუსი ჰაკერები აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელებში შეღწევას ცდილობდნენ

CNN: ბოლო თვეების განმავლობაში, რუსი ჰაკერები აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელებში შეღწევას ცდილობდნენ

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსი ჰაკერები აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო ქსელებში შეღწევას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი კიბერუსაფრთხოების სფეროში ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩარლზ კარმაკალმა, კიბერუსაფრთხოების სფეროში კომპანია Mandiant-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია გატეხეს. მისი თქმით, ბოლოდროინდელი კიბერთავდასხმების დროს რუსმა ჰაკერებმა ახალი ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს.

„ჰაკერების ჯგუფმა რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებით დაკავებული ორგანიზაციების სისტემაში შეღწევა მოახერხა. მათ სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ ტექნოლოგიების პროვაიდერები“, - აღნიშნა ჩარლზ კარმაკალმა.

თავის მხრივ, აშშ-ის ფედერალურ მთავრობაში წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ფედერალური სააგენტოები თვალს ადევნებენ რუსი ჰაკერების ბოლოდროინდელ ქმედებებს.

„ჩვენ ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბოლო სხდომაზე წამოვაყენეთ“, - აღნიშნა წყარომ.

2020 წელს რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერშეტევა აშშ-ის 250-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებასა და მსხვილ კომპანიას შეეხო. 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურ უწყებებსა და კორპორაციებზე კიბერშეტევა სულ მცირე 2020 წლის გაზაფხულიდან გრძელდებოდა.

მთავარი ეჭვმიტანილი დაჯგუფება Cozy Bear-ი გახდა, რომელსაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირებენ.