ხავსი ხავსს აეკიდაო - „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია, რამდენიც უნდათ იმსჯელონ და კოალიციები შექმნან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისინი არჩევნებშიც კოალიციური კანდიდატებით წარდგენენ, თუმცა 64- დან 44 ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
„მოვისმინე, თითქოს მეორე ტურისთვის იწყება ფართო კოალიციური კონსულტაციები და კითხვა მინდა დავსვა - ახლა თბილისში კოალიციური კანდიდატები არ ჰყავდათ? „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყოლია თბილისში მაჟორიტარები, სხვა პარტიებს დაუთმო, რეგიონებშიც კოალიციური გადაწყვეტილებით ჰყავდათ და რა შედეგი მიიღეს? 64- დან 44- ში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და იმ 20-შიც ძირითადად ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს მოლოდინი გვაქვს. მცდელობა, რომ თითქოს კოალიცია შექმნან, ტყუილია. ზუსტად ვიცი, ამ ე.წ. კოალიციური კონსულტაციებში არ შედის არც „გირჩი“ - ორიგინალი, არც ელისაშვილის პარტია, არც „ევრო-სოცები“, „სტრატეგიაზე“ ვერ გეტყვით, არც „პატრიოტთა ალიანსი“ და ახლა ხავსი ხავსს აეკიდაო - „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ისედაც ვიცოდით ყოველთვის, რომ ერთი გუნდია, რამდენიც უნდათ იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც,“ - განაცხადა ზარქუამ.