არჩევნები შედგა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომ მშვიდ, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან საზოგადოებას გამოჩენილი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვითარება იქნება ისე, როგორც ეს ჩვენი ხალხის არჩევანია და ეს არის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით არასდროს გვივლია, ჩვენ ყოველთვის ვმოძრაობთ წინ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ეს ასე გაგრძელდება. არავითარი შანსი და შესაძლებლობა, ვინმეს რაიმე ტიპის რადიკალიზმისთვის არ მიეცემა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დღეს გაიმარჯვა საქართველომ, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.
„თუ ვინმე ჩვენი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ამას ექნება საპასუხო რეაქცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა რეფერენდუმი და მიიღო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 47,6% „ქართული ოცნებას“ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 27,1%.