გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერით სამართალმა იზეიმა, აღმოჩნდა, რომ პროვოკაცია ჩაიშალა, გუშნდელი დაკავებით საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციების რისკის შემცირებაზე იმოქმედა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ.
„გუშინ იყო აბსოლუტურად არაორდინალური სიტუაცია, მე თვითონაც ამ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი იზომება შედეგით. გუშინ დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომლის ანალოგიც ბევრ ქვეყანას არ აქვს. ეს იყო უბადლოდ შესრულებული ოპერაცია. ასე უმტკივნეულოდ რომ დასრულდებოდა ეს ოპერაცია, ამას ხომ ამ ქვეყანაში ვერავინ წარმოიდგენდა, შესაბამისად ყველაფერი, ქართველი სამართალდამცავების მიერ ძალიან სწორად დაგეგმილი და შესრულებული იყო. გარდა იმისა, რომ სამართალმა იზეიმა, აღმოჩნდა რომ პროვოკაცია ჩაიშალა. როდესაც ეს ღონისძიება ასე ჩატარდა, პროვოკაციის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა. რა თქმა უნდა ეს საფრთხეები კვლავ რჩება, ახლა დარბიან უბნებიდან უბნებში. დღეს ირბინეს ბევრ უბანზე, მაგრამ ვერავინ ნახეს ვერავინ უბნის გარეთ, ვისზეც შეეძლოთ პროვოკაცია მოეწყოთ. გუშინდელმა დღემ დააზღვია დღეს საღამო და ხვალინდელი დღე. პროვოკაციების რისკის შემცირებაზე იმოქმედა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ. მათ არ ჰქონდათ გეგმა, რომ შეიძლებოდა სააკაშვილი დაეკავებინათ გუშინ და ამიტომ გეგმის გარეშე არიან და ახლა სპონტანურ პროვოკაციებს აწყობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.