საერთო ჯამში ჩვენ მიერ ამ მომენტისთვის დაფიქსირებულია 100-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის აღრიცხვის 5 ფაქტი, 100-მეტრიან რადიუსში შეკრების წესის დარღვევის 10 ფაქტი, უკანონო აგიტაციის 4 ფაქტი, ამომრჩეველთა მოსყიდვის 2 ფაქტი და სხვა სახის დარღვევა 2 ფაქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხდა. მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.
„ამ დროისთვის, რუსთავში 41-ე საარჩევნო უბანზე „ ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, 100-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლების აღწერას აწარმოებდა, ლანჩხუთის 23-ე საარჩევნო უბანზე პარტია „საქართველოსთვის“ აქტივისტების შეკრება ხდებოდა 100-მეტრიანი პერიმეტრის წესის დარღვევით. თელავში აღმოჩენილ იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მოსყიდვის სია, რომელიც სხვადასხვა უბნებს შეეხება და უბნების ჩამონათვალიც არის მოცემული. ასეთივე სია არის აღმოჩენილი ოზურგეთში, რომელიც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვას. კასპში, მე-10 საარჩევნო უბანზე პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი საარჩევნო უბნის დამკვირვებელს, 100-მეტრიან პერიმეტრში, მასთან ერთად იმყოფებოდა და ამით შეკრების წესებს არღვევდა. კასპში, მე-9 საარჩევნო უბანზე ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი, საარჩევნო უბნის წევრებთან ერთად იმყოფებოდა და არღვევდა ამ წესებს. რუსთავში მთელი დღის განმავლობაში ნანა შატბერაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, 100-მეტრიანი პერიმეტრის წესის დარღვევით, სისტემატურად გადაადგილდებოდა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, კერძოდ მე-9, მე-10, მე-14 და მე-15 უბანზე დავაფიქსირეთ ის და არღვევდა ამ 100 მეტრიანი პერიმეტრის წესებს. ქუთაისში 124-ე უბანზე, უკვე ყალბ ინფორმაციებს რაც შეეხება, თქვენ მკითხეთ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ხატია დეკანოიძეს ჰქონდა პრეს-კონფერენცია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგსაც ვუსმინეთ. საინტერესოა, არც ერთი ფაქტი არ დაასახელა, ერთადერთი ფაქტი რაც იყო, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმყოფება ქუთაისში და მან ამას უწოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის მოადგილე ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და რა თქმა უნდა, მას აქვს სრული შესაძლებლობა ჩაერთოს პარტიულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა ეს არის მათი ერთ-ერთი ნაწილი სამუშაოსი, იმ კუთხით რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, აქედან გამომდინარე ის არ არის იმ ტიპის საჯარო მოხელე, როგორიც არიან სხვა პირები. თბილისში ჩუღურეთის რაიონზე ასევე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის მხრიდან თითქოს 24-ე უბანზე სუს-ის თანამშრომელი იმყოფებოდა, ეს საკითხიც გადავამოწმეთ, საქმე ეხება, მართალია ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელს, რომელმაც იმ უბანზე საკუთარი მეუღლე მიიყვანა, მას მანქანაში ბავშვიც ჰყავდა, ვინაიდან მისი მეუღლე ცხოვრობს ამ უბანზე და ხმის მისაცემად მიიყვანა. ასე რომ, ასეთი პანიკის აწევაც არ არის ხოლმე საჭირო და საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება. შემდეგი შეეხება ლელოს კანდიდატს თამარ ყორღანაშვილს, რომელიც ავრცელებს ვიდეოა, რომელიც შემდეგ ტელეკომპანია პირველზეც გავრცელდა, თითქოს საგარეჯოს ნომერი მე-8 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, სინამდვილეში იქ დაფიქსირებული ადამიანები არიან მეუღლეები და ერთი მეუღლე, ქმარი ცოლს აძლევს თანხას პროდუქტების საყიდლად, ჩვენ როგორც გადავამოწმეთ ეს საკითხები. დაბოლოს დმანისთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია ტელეკომპანია პირველზე, ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს რომ სუს-ის მობილიზება ხდება დმანისში. არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, არანაირი მობილიზება სუს-ის დანაყოფების დმანისში არ ხდება. კიდევ ერთხელ, არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ რომ არის გააფთრებული მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მობილიზდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.
დღეს არის მომენტი, გუშინდელი დღის გათვალისწინებით, როდესაც ყველას ხელახლა შეუძლია გახდეს მონაწილე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთხელ იმ პასუხის გაცემისა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დაუშვებს ისეთი პოლიტიკური ძალის მომძლავრებასაც კი, რომელთანაც დაკავშირებულია ის სისტემა, რომელზეც დეტალებში აღარ ჩავალ, მაგრამ მთელმა ქვეყანამ ეს ისტორია იცის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დაგვრჩა 2 საათი, ამ 2 საათი ყველა ხელახლა უნდა გახდეს მონაწილე 2012 წლის გამარჯვების გამეორების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.