წინაასარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოიკვეთა კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა, - აცხადებს ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე.
“დღევანდელ დღემდე, ადგილი არ ჰქონია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ღია ზეწოლის ფაქტს, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები” ღია ზეწოლასაც აღარ ერიდებიან და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ”, - ამბობს მიშველიძე.
ანალიტიკოსის აზრით, საჭიროა აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და დაგმონ ენმ-ის წევრის, ზვიად კუპრავას მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრზე ზეწოლის ფაქტი.
“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მხრიდან შესაძლო მოსყიდვისა და სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, მათ არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები. ამ შემთხვევაში, ცხადზე ცხადია კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წევრის მხრიდან ზეწოლის ფაქტი და არც ISFED-ისა და არც “საერთაშორისო გამჭირვალობის” მხრიდან მკაფიო განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
უმჯობესია, ისინი, შესაძლო და სავარაუდო სცენარებს შეეშვან და კონკრეტული ფაქტებზე გააკეთონ აქცენტი”, - დასძენს ალექსანდრე მიშველიძე.
არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება და კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს, - ამბობს მიშველიძე.
“სავარაუდოდ, ე.წ. ალტერნატიული ცესკოს ანგარიშში ოპოზიციის წევრების მხრიდან კონკრეტული გადაცდომები ვერ მოხვდება. დიდი ალბათობით, მის მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლის შედეგიც აცდენილი იქნება საქართველოს მოსახლეობის რეალური არჩევანისგან და ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა ხელისუფლებას მიეწერება”, - ფიქრობს ალექსანდრე მიშველიძე.
მისი თქმით, ცესკოს მხრიდან საჭიროა თითოეულ გადაცდომაზე რეაგირება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის აღმოფხვრა.
“ცესკომ წინასაარჩევნო პერიოდში იდეალურად იმუშავა და თითოეულ დეზინფორმაციას სიმართლე დაუპირისპირა. არჩევნების სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება დესტრუქციული ძალების ინტერესებში არ არის და ცესკოსთვის, მის ადმინისტრაციისათვის აღნიშნული სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს”, - დასძენს მიშველიძე.