სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიტაცების ბრალდებით დააკავეს

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიტაცების ბრალდებით დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიტაცებაში დაადანაშაულა და მისი დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

„დავით ტონოიანი დაკავებულია და მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის, 2,2 მილიარდი სომხური დრამის (4,5 მილიონი დოლარი) მიტაცება. სასამართლოში გაგზავნილია შუამდგომლობა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.

სისხლის სამართლის საქმე, რომლის ერთ-ერთ ფიგურანტი დავით ტონოიანი გახდა, ეხება შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის შეძენისას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია საბრძოლო მასალის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელიც.

დავით ტონოიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2018 წელს დაინიშნა. თანამდებობიდან ის 2020 წლის ნოემბერში, მთიან ყარაბაღში საომარი ქმედებების დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.