მაკრონი: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს

მაკრონი: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას უკვე აღვნიშნე, რომ ავსტრალიასთან შეთანხმება ინდო-წყნარი ოკეანის სივრცეში საფრანგეთის სტრატეგიას არ შეცვლის. საფრანგეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ზესახელმწიფოა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

22 სექტემბერს წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ორმა ლიდერმა სიღრმისეული კონსულტაციების პროცესის დაწყება გადაწყვიტა, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის უზრუნველსაყოფად და საერთო მიზნების მისაღწევად პირობების შექმნას.

„ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა საერთო გაგებას მიაღწიონ და ამ პროცესში იმპულსი შეინარჩუნონ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შემდეგ ის ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

საფრანგეთმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებული ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.

2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.