სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა, – კი!.. (ნაწილი მეორე)

სხვისი მისაბაძი რა მჭირს, - თვარა, – კი!.. (ნაწილი მეორე)

"რუსთაველის დამსახურება ისაა, რომ მან უკვდავი ფორმით გამოხატა დიადი ხალხის სული“ (ედმონ ჟალუ)

ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე, მმართველობა XII საუკუნის საქართველოში აშკარად გამოხატული აბსოლუტური მონარქიის ნიშნებს ღებულობს.  ამის მკაფიო მაგალითს კი გიორგი III-ის მეფობაში ვხედავთ.  ჯერ კიდევ მემკვიდრეობის უფლების წესის დარღვევით გიორგი III-ის გამეფება, ხოლო შემდეგ მის მიერ სამეფო ტახტზე ქალის აყვანა ფეოდალური საქართველოს სამართლისმცოდნეთა აზრითაც ტრადიციით განმტკიცებული მეფობის დამკვიდრების უფლების ხელყოფას წარმოადგენდა. ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც უკვე მკვლევართაგან შენიშნულია, “ქართლის ცხოვრება” ფარავს ბევრ საიდუმლოს, ამიტომ ბევრად უფრო ვრცლად დემნაზე და მის მამა-ბიძაზე ვგებულობთ ვახუშტის, ვარდან დიდის და, განსაკუთრებით, სტეფანოზ ორბელიანის ისტორიიდან.

დესპოტია საქართველოში

ჰქონდა თუ არა დემეტრე I-ს რაიმე კანონიერი საბუთი, როდესაც თავის უფროს შვილს, ხოლო შემდგომ შვილიშვილს მემკვიდრეობის უფლებას ართმევდა? თუ დემეტრე I-ს ჰქონდა სიძულვილის უფლება უფროსი შვილის დავითისადმი, რომელმაც მამა იძულებით ტახტიდან ჩამოაგდო, ქართული სამეფო უფლების მიხედვით თუ განვსჯით, გიორგი III დემნა უფლისწულის მიმართ აშკარა უზურპატორია.

თავისთავად ის ამბავი, რომ მშობელმა მამამ თავის პირმშოს მარტოოდენ პირადი გრძნობის გამო კანონიერი, ტრადიციით განმტკიცებული მეფობის დამკვიდრების უფლება მოუსპოს, უკვე აღარაა კერძოობითი შემთხვევა. ამ შემთხვევაში მომხდარი ფაქტი თავისთავად ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ერთგვარად განმტკიცებულ წესსა და წესრიგსაც უპირისპირდება. და გასაგებია, თუ ფეოდალებიც ამ ტრადიციის დარღვევაში თავისი უფლებების შეზღუდვას დაინახავდნენ. ამგვარ ნიადაგზე კი ყოველთვის შეიძლებოდა ამბოხება აღმოცენებულიყო, სადაც დიდებული აზნაურები მეფის წინააღმდეგ განდგომას დიდის სიამოვნებით დაუჭერდნენ მხარს.

საკმაო მასალები რომ მოიპოვებოდეს ცხადია, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის შესწავლას, თუ როგორ გამოიყენეს დიდებულმა აზნაურებმა მეფის მიერ დარღვეული წესი პირდაპირ მემკვიდრეობასა და პირმშოობაზე დამკვიდრებული უფლებისა. მაგრამ, ერთი კია, რომ ცალკეულ მაგალითებზე დაყრდნობით ივ. ჯავახიშვილი აკეთებს დასკვნას, რაც ძირითადად მიღებული და გაზიარებულია თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაშიც.

„საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ გიორგი III დროს დიდებული აზნაურები ისე დაშინებული არ იყვნენ, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, და უფრო თამამადაც იქცეოდნენ ხოლმე. ასეთი მდგომარეობა კი, რასაკვირველია, მეფის ხელისუფლების შესუსტების მომასწავებელი იყო”.

ივ. ჯავახიშვილის მიერ ამ შეხედულების გასამაგრებლად მოყვანილი მაგალითები ცხადლივ მიუთითებენ იმაზე, თუ რა მწვავე კლასობრივ ბრძოლებს ჰქონია ადგილი იმჟამინდელ საქართველოში. ხოლო რაც შეეხება გიორგი III დროს ამგვარი ბრძოლებით მეფის ხელისუფლების შესუსტების შესაძლებლობას, ვფიქრობთ, უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ სრულიად საპირისპიროზეც.

როგორც შემდგომმა მოვლენებმაც აჩვენა, გიორგი III-ს პირადი ნიჭისა და უნარის წყალობით არ გასჭირვებია თავისი უკანონო მეფობა მის ქვეშევრდომთ კანონიერად მიეღოთ. ენერგიული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, დაუნდობელი ბრძოლა სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ,  იყო ის ძალა, რომელიც თვით სამართლიანობაზეც იმარჯვებდა. ასეთი თვითმპყრობელი მეფე როდესაც ქვეშევრდომთ ძლიერ ხელისუფლებას თავს ახვევდა, კომპენსაციად საქართველოს საზღვრების გაფართოებას, ახალ მიწებსა და სიმდიდრეს სთავაზობდა. თუ მისი მამა დემეტრე I სახელმწიფოს დაცვისათვის უფრო ზრუნავდა, ვიდრე საქართველოს შემატებისათვის, გიორგი III, რომელსაც მემატიანეს სიტყვებით, "დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგვარობდა, თავისი დიდი პაპის დავით აღმაშენებლის მსგავსად, მაჰმადიან მმართველებს ხელიდან აცლიდა სამფლობელოებს - ძლევამოსილებით აღჭურვილი ერთგულსა და ორგულსაც იყმევდა..“ ეს კი, იმ ხანგრძლივ ბრძოლაში, რომელიც ხელისუფლების გამო მეფე-აზნაურებს შორის წარმოებდა, მეფის უცილობელი მბრძანებლობისათვის მყარი ნიადაგის შემზადების მეტად სერიოზული გამარჯვება იყო. მაგრამ, ამით მეფე მარტო საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისათვის როდი ფიქრობდა. მუდმივი საზრუნავი, რომელიც საგონებელში აგდებდა გიორგის III-ს, მისი ერთადერთი ქალიშვილის თამარის გახელმწიფება იყო. ასეთი აზრი კი აზნაურების სურვილს დამორჩილებული მონარქისაგან ძნელად წარმოსადგენად გამოიყურებოდა. არადა სწორედ მეფის ეს განზრახვა ხომ დიდებულთა გამოწვევასაც გულისხმობდა უთუოდ.

ამგვარად, ხელისუფლების ბრძოლით მოპოვების პასუხია დიდებულთა აჯანყება დემნას მოთავეობით.

ეს პოლიტიკური შეთქმულება, რომელმაც დიდ საფრთხეში ჩააგდო გიორგი მეფე, მოხდა 1177 წელს, ჰქონდა თუ არა აჯანყებულთა მოთხოვნას კანონიერი საფუძველი? უდავოა, რომ ჰქონდა. მეფედ კურთხევის ქართული წესის თანახმად, ქალის გამეფება არ შეიძლებოდა, რადგან მეფობის უფლებები მეფე-ქალის შემდეგ სხვა გვარზე გადადიოდა.

ლეონტი მროველის ცნობით, ასფაგურ მეფე (IV საუკუნე) გადაშენდა, რადგანაც „არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი“. ქართლის წარჩინებულებმა სთხოვეს სპარსეთის მეფეს უფლისწული მირიან „მეფედ“ ქართლისა, რომელიც შეირთავდა ასფაგურის ქალს; მირიანს უნდა დაეცვა ქართველობა, ქართველთა სჯული, და ქართველები არ უნდა ყოფილიყვნენ სპარსთაგან შევიწროებულნი.

საინტერესოა ის შემთხვევაც, რომ თამარისა და რუსუდანის გამეფების შემდეგაც ქალის მეფობას საქართველოში გარკვეული წრეები უკანონოდ თვლიდნენ. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, სარგის თმოგველი „ძლიერად წინააღმდეგობდა“ დავით ნარინს, რომ არ შეიძლება ტახტი მიღებულ იქნეს ქალისგანო! მოწინააღმდეგენი სარგის თმოგველს უპასუხებდნენ, რომ თუმცა დავით ნარინი რუსუდანის შვილია, მაგრამ რუსუდანი თვითონვე იყო მეფე და მეფობა რუსუდანმა თავისი ძმისაგან, ე.ი. მამაკაცისაგან მიიღო, ხოლო დავით ულუ „უკანონო“ შვილია და ამიტომ არ შეიძლება მისი მეფობაო. ეს ეპიზოდი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ რუსუდანის მეფობასაც კი, როგორც ქალისას, ფეოდალურ საქართველოში საეჭვოდ ხდიდნენ. ამასთანავე, რაც მთავარია, თამარისა და რუსუდანის შემდეგ ქალის მეფობას საქართველოში ადგილი აღარ ჰქონია, ე.ი. მათ მეფობას გამონაკლისი ხასიათი აქვს და ქართულ სამართალს ეს წესი საბოლოოდ არ მიუღია.

მაშასადამე, ქალი რომ მეფედ არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს იყო კანონი, რომლის შეცვლაც გიორგი III განიზრახა. იყო კი ეს რაიმე აუცილებლობით განპირობებული? რადგან ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა მხოლოდ ვაჟი, როგორც ცნობილია, საქართველოში სენიორატისა და მაიორატის საპირისპიროდ მემკვიდრეობაში გაბატონებული იყო პირმშოობა შენაცვლების პრინციპის დაცვით. გიორგი III-საც, თუ არა პირადი განზრახვით, ამ წესის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონოდა. მით უმეტეს, რომ ამასობაში „მოიწაფა ძმისწული მისი, შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახე-კეთილ და ყოვლთა ხელითა მარჯვე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა“.

ამდენად, „ოდითგანვე მომდინარე წესის დარღვევა მოტივის მხრივ არ გამოიყურებოდა მისაღებად, რამდენადაც მეფის ქცევაში სახელმწიფოს მეთაურის ნაცვლად მამის ტენდენციური მიდრეკილება მოჩანდა. ამასთანავე, თავისთავად არსებული წესის დარღვევა ჩვეულებითი ნორმის შეცვლა (საქართველოში ტახტის მემკვიდრეობის წესი ჩვეულებითი სამართლის ნორმით უნდა არსებულიყო) იწვევს უკმაყოფილებას, რამდენადაც ფეოდალიზმის დროს განსაკუთრებით ძლიერია ტრადიცია“ (ივ. სურგულაძე).

ბუნებრივია, ისმის კითხვა: შესუსტებული მეფის ხელისუფლება გაუბედავდა კი დიდებულ აზნაურებს ასეთ გამოწვევას? ეს ხომ მათი ურთიერთბრძოლის საბოლოო ანგარიშსწორება იყო. როგორც ჩანს, გიორგი III დაჯერებული იყო თავის ძალებში და იგი ამაში არც შემცდარა. ეს საყურადღებო გარემოება ერთხელ კიდევ მიუთითებს, რომ მხოლოდ მეფის ხელისუფლების კიდევ უფრო განმტკიცების პირობებში შეეძლო გიორგი III-ს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

მაგრამ საქართველოს ტახტზე ქალის აყვანა მარტო ოპოზიციის დათრგუნვით და დემნას დასჯით არ გადაწყდებოდა. ამ აზრის წამომწყებს, თვითონ გიორგის, მისი განხორციელებისათვის სჭირდებოდა აგრეთვე ამ უფლების იდეოლოგიური დასაბუთებაც. რაც არანაკლებ ძნელ, თუ არ ვიტყვით თითქმის შეუძლებელ საქმეს წარმოადგენდა. საერთოდ, როგორც ძველ, ისე შუა საუკუნეებშიც საზოგადოებაში ქალი არ შეიძლებოდა მამაკაცის თანასწორი ყოფილიყო და ეს არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნებში. გავიხსენოთ საფრანგეთის ისტორია: 1304 წელს ფრანგებმა კანონით დაადგინეს, რომ საფრანგეთის ტახტზე ქალის დასმა არ შეიძლებოდა. რასაკვირველია, ფეოდალური საქართველოც გამონაკლისს არ წარმოადგენდა ამ მხრივ. შუშანიკი ამბობს: „განვისაჯნეთ“ მე და ჩემი ქმარი იმ ქვეყანასა, „სადა არა არს რჩევაÁ მამაკაცისა და დედაკაცისა“.

შუშანკის სიტყვების მიხედვით აშკარაა, რომ ამქვეყნად არ არის თანასწორი ქალი და მამაკაცი. მაგრამ, უკვე XII საუკუნის მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერიძე, რომელიც თამარის გამეფების თავდადებული მომხრეა და გიორგი III-სთან ერთად გულმოდგინედ იბრძვის ოპოზიციის წინააღმდეგ, საგანგებოდ უბრუნდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხს. თემად ამ მხრივ, ნიკოლოზ გულაბერიძეს ნინო ქართველთა განმანათლებლის მაღალ ღირსებაზე საუბარი განუსაზღვრავს. იგი საგულდაგულოდ სვამს საკითხს, თუ რატომ მოუვლინა ქალი საქართველოს ქრისტიანობის გამავრცელებლად. ის აღნიშნავს: ქართველებს დასცინოდნენ, უსაყვედურებდნენ, რომ ქალის გაქრისტიანებული ხართო და ამით ქართველების სარწმუნოებას იწუნებდნენ. კ. კეკელიძე შენიშნავს: „ჩვენ არ ვიცით, რომ წარსულში ასეთ რაიმეს ადგილი ჰქონდეს. მხოლოდ ის კია მოსალოდნელი, რომ ნიკოლოზ გულაბერიძის მიერ ეს საკითხი დასმული იყოს თამარის ტახტზე გასამტკიცებლად“.

საქართველოს ტახტზე ქალის აყვანამ აამეტყველა არა მარტო საეკლესიო მსახური, მეფე-ქალის სახემ უშუალოდ შეისხა ხორცი რუსთაველთან, მხატვრული სიტყვის ოსტატთანაც. თამარ მეფის მოღვაწეობის შესახებ სრულფასოვანი ინფომაცია შეიძლება ითქვას, უკან დაახევინებდა თვით ჰეგელის შემდეგ აზრსაც: `სახელმწიფო საფრთხეში ვარდება, როცა მთავრობის მეთაური გახდება ქალი, ვინაიდან ის მოქმედებს არა ზოგადსაყოველთაო მოთხოვნების (პრინციპების) თანახმად, არამედ ხელმძღვანელობს შემთხვევითი აზრებითა და მიდრეკილებებით~.

მკვლევართა უმეტესობის აზრით, რუსთაველი თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობით აღწერილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამბების მიმართ მკვეთრად გამოთქვამს თავის თვალსაზრისს. მიჩნეულია, რომ პოემის ავტორმა მხატვრული ენით დაასაბუთა თამარის გამეფების კანონზომიერება და გონივრულობა. რაკი უკვე ვიცით, თუ როგორ და რა ნიადაგზე აღმოცენდა ამგვარი მოძღვრების საჭიროება, ამდენად, ჩნდება აზრიც - „ვეფხისტყაოსანი“ დაკვეთით ხომ არ არის დაწერილი. ამას გვაფიქრებინებს საკუთრივ პოემაში ერთი სტრიქონი, რომელშიც თითქმის მთლიანადაა გადმოცემული ამ პროგრამის შინაარსი, რომელიც სავარაუდებელია, რომ მოდიოდა დამკვეთთაგან: კერძოდ გიორგი III-ისგან. „მიბრძანეს მათთად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“.

როგორც გვარწმუნებენ: შეკვეთით თხზულებების შექმნა მიღებული იყო შუა საუკუნეების აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, დაკვეთითაა შესრულებული რიგი დასავლური სარაინდო რომანები და აღმოსავლური წარმოშობის სამიჯნურო და საგმირო პოემები. ასე რომ, აქ უჩვეულო არაფერია. ყურადღებას სხვა რამ იქცევს. ის, რაზეც ჯერ კიდევ დ. კარიჭაშვილი წერდა: „პოეტს რომ ნდომებოდეს თამარ მეფის გამოსახვა თავის მოთხრობაში თინათინის სახით, ნუთუ დასჯერდებოდა იმას, რაც თინათინს არგუნა თავის თხზულებაში“?.

ამას გარდა, პოემაში გიორგი III-ის მოუხსენებლობაც ერთგვარ გაკვირვებას იწვევს: „თუ გიორგი მეფისათვის საინტერესო ნაწილი პოემისა მის სიცოცხლეში გავრცელდა, რატომ ერთი სიტყვითაც არ მოიხსენია პოეტმა თავისი მბრძანებელი და შრომის დამკვეთი?-კითხულობს ა.ბარამიძე. რატომ დაარღვია ტრადიციით განმტკიცებული წესი? და კიდევ რამდენი კითხვის დასმაა შესაძლებელი?“.

ამ ეჭვებს შესაძლოა მართლაც ჰქონოდა საფუძველი პოემაში მარტოოდენ თამარის, როგორც ქალის, გამეფების საკითხი რომ იდგეს. ჩვენში ბევრი ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ ეს არ არის „ვეფხისტყაოსნისთვის“ ცენტრალური საკითხი, უფრო მეტიც, როგორც თავად ბ-ნი ივ. ჯავახიშვილი შენიშნავდა „... პოემაში ოქროსავით მიმობნეულია სოციალური ხასიათის სიბრძნე იმ საკითხებზეც, რომლებიც მაშინ მოწინავე ქართველ საზოგადოებას აღელვებდა“.

რა თქმა უნდა, პოეტმა თანადროული ისტორიული სინამდვილის ცალკეულ ფრიად მნიშვნელოვან მხარეებზე პასუხი გენიალურ ჩანაფიქრთან ერთად მოგვცა. ამიტომ ამა თუ იმ საინფორმაციო მასალის დადგენა უწინარესად რუსთაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გარკვევით თუ მოხდება. მაგრამ, გვაძლევს კი ამ საკითხზე არსებული თვალსაზრისები სათანადო პასუხს?!

აი რას წერს  ივ. ლოლაშვილი: „არ უნდა იყოს სწორი რომ მხოლოდ 1177 წლის პოლიტიკურმა შეთქმულებამ ჩააგდო დიდ საგონებელში მეფე. როგორც ჩანს, გიორგი III საგულდაგულოდ ემზადებოდა თამარის გასამეფებლად და ეტყობა ჩქარობდა კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა დემნა თავისი მომხრეებით აჯანყებას არ დაიწყებდნენ და დაელოდებოდნენ უფრო ხელსაყრელ და ბუნებრივ შემთხვევას - მეფის გარდაცვალებას“.

სავალალო მდგომარეობა კი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა გიორგი III-მ გადააბიჯა ყოველგვარ ზნეობრივ ფარგლებს, არ დაერიდა ეკლესიის მამებთან კონფლიქტსაც და მემკვიდრე ვაჟის ყოლის სურვილით ბედი სხვა ქალთან სცადა. მაგრამ, მეფეს ხარჭის ხელშიც ქალიშვილი გაუჩნდა, რუსუდანი, რომელიც შემდეგ თამარის მეფობაში არზრუმის ანუ კარნუ-ქალაქის ამირას ვაჟის მუტაფრადინის მეუღლე გახდა. ასეთ დროს უფლისწულს შეეძლო კვლავაც მშვიდად ყოფილიყო, რომ არა გიორგი III-ის სურვილი და საამისო სამზადისი ტახტზე თავისი ასული დაესვა.

ცხადია, ამგვარ ნიადაგზე კი, როცა უკვე იდეოლოგიური დასაბუთება ეძლეოდა ქალის გამეფებას, შეიძლებოდა ამბოხება აღმოცენებულიყო, და მას არც დაუყოვნებია. 1177წ. გიორგი III-ის წინააღმდეგ დიდგვაროვანთა ხელმძღვანელობით დაწყებულ აჯანყებას სათავეში ედგა გიორგის ძმისწული დემნა ბატონიშვილი. დემნას განსაკუთრებით მხარს უჭერდა მისი გამზრდელი და სიმამრი ივანე ორბელი, რომელიც საქართველოს ლაშქრის მხედართმთავრად ითვლებოდა. მათ მხარეზე აღმოჩნდა „ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა სამცხელთა, ჰერთა, კახთა და სადაცა ვინ ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო“. ამ დროს დიდ განსაცდელში ჩავარდნილ გიორგი მეფეს ხასიათის სიმტკიცე და შორსგამჭვრეტელობა გამოუჩენია. მეფემ მეამბოხეებს ზოგი დაყვავებით, ზოგი ძალით წაართვა განდგომილები.

აქ აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიმდინარე ბრძოლაში ხალხი უფლისწულის პოზიციას, მიუხედავად მისი სამართლიანობისა, უგულოდ ეკიდებოდა, მეფის წინააღმდეგ არ გამოსულა. ამითაც ჩანს, რომ იმჟამინდელი საქართველოს საზოგადოების ყველა ფენისათვის თამარის, როგორც ქალის გახელმწიფება უფრო მეტად მიმზიდველი და მისაღები იყო, ვიდრე გიორგის დემნათი შეცვლა.

ასეთ აქტიურ მხარდაჭერას მოკლებულ მეამბოხეებს კი ისღა დარჩენოდათ, ლორეს ციხეში შეხიზნულიყვნენ. როდესაც შემწყვდეულთ სასოება წარეკვეთათ სტ. ორბელიანის სიტყვით, დემნა ლორეს ციხიდან ღამე ჩამოშვებულა და ბიძასთან მისული მუხლმოდრეკით ემუდარებოდა მას შეებრალებინა და მისთვის მხოლოდ-ღა სიცოცხლე ეჩუქებინა. ამის შემდგომ ამბოხების დანარჩენი მონაწილენიც „გამოასხეს“.

დანაშაულობისდა მიხედვით თითოეული მონაწილე შესატყვისი სასჯელით იყვნენ დასჯილნი: „დემნას, ვითარცა განდგომილს უფლისწულს, თვალები დასთხარეს და გამოასაჭურისეს, რომ ჩამომავლობა არა ჰყოლოდა“, ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანე გამოსაჭურისებაზე არას ამბობს; მისი სიტყვით, ჯერ „დემეტრე (დემნა) კლდეკართა დასუეს, უკან თუალნი დასწუნეს“. როგორც ეტყობა, საბრალო ბატონიშვილს ეს საშინელი სასჯელი ვერ აუტანია, იგივე მემატიანე ამბობს: „მოკუდა და მცხეთას დამარხეს“-ო. ბიძას დამნაშავე ძმისწული მეფეთა საგვარეულო სამარხი მონასტრის - გელათის ღირსიც კი არ გაუხდია. ივანე ამირსპასალარს თვალები დასთხარეს, ხოლო დანარჩენი მთავარი მონაწილენი ორბელთა გვარისანი სიკვდილით იყვნენ დასჯილნი. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეც ადასტურებს ამას.

ასე სასტიკად და შეუბრალებლად დასაჯა გიორგი III ამ განდგომილების მოთავენი და მონაწილენი.

ამ ანგარიშსწორებაში განსაკუთრებით ძლიერი გავლენა იქონია დემნა - გვარეულობით ბაგრატიონის ხვედრმა.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც ბაგრატიონთა მეთაურობით საქართველოს გაერთიანების პირობები მომწიფდა, შეიქმნა ლეგენდა ამ გვარის ღვთიური წარმოშობის შესახებ. ეს ლეგენდა უკვე X საუკუნეში იმდენად გავრცელებული ყოფილა, რომ თვით ბერძენთაგან იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი იზიარებდა, ხოლო XI საუკუნის პირველ ნახევარში, მცირე ცვლილებებით, ბაგრატიონთა მემატიანეს სუმბატ დავითის ძეს თავისი ქრონიკის წყაროდ გამოუყენებია და ბაგრატიონთა გვარის გენეალოგია მასზე დაუფუძნებია. ამ ლეგენდის მიხედვით, ქართველი მეფენი თავიანთ თავს დავით მეფის - წინასწარმეტყველის ჩამომავლებად თვლიდნენ და თვით მაცხოვარს ენათესავებოდნენ. ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმოშობის ხაზგასმა და ჩვეულებრივი ერისთავებისა თუ მთავრების წინაშე მათი აბსოლუტური უპირატესობის მტკიცება ზოგადად რომ ვთქვათ, გამორიცხავდა (თეორიულად) სხვა გვარის წარჩინებულთაგან ბაგრატიონის სამეფო-გვარის შევიწროება-დამცირების ყოველგვარ შესაძლებლობას: თუ რომელიმე ბაგრატიონი მეფე ან ერისთავი ღირსი იყო შევიწროებისა და დამცირებისა, მისი ადგილი სხვა, უკეთეს ბაგრატიონს უნდა დაეჭირა, ხოლო თვითონ სამეფო გვარის გვერდის ავლა, მისი დამცირება-შევიწროება და სხვა გვარის მის დონემდე ამაღლება წარმოუდგნელი იყო. ვერც ერთი გვარის ფეოდალი ვერ გაბედავდა იმ დროს ფეოდალური იერარქიის კიბეზე ბაგრატიონთა ადგილის დაკავებას, და რომ გაებედნა კიდევაც, მას ქვეშევრდომები ბაგრატიონთა სწორად არ ჩათვლიდნენ და, მაშასადამე, არც დაემორჩილებოდნენ.

ასე რომ დემნა ბაგრატიონის ასე სასტიკად და შეუბრალებლად დასჯას შეეძლო შეერყია სამეფოს მყუდროება. ღვთით გვირგვინოსან ბაგრატიონთა ღვთივ დამკვიდრებულის სასიკვდილოდ გამეტებით ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ ეს შეუწყნარებელი საქციელი გვირგვინოსნებისთვის სამომავლოდ საბედისწერო პრეცედენტი გახდებოდა. მას უკვალოდ რომ არ ჩაუვლია ჩვენი ისტორიისთვის, ჩანს შემდგომი ამბებიდანაც. 1184-86 წ.წ. თამარის წინააღმდეგ ამხედრებულ ყუთლუისტთა ბანაკში, სადაც ყველა ერთნაირ პოზიციაზე არ იდგა, იყვნენ უკიდურესი რადიკალებიც. მათ მეფის ხელმწიფობის გაქრობა ენებათ და ხელმწიფობის საკუთარ ხელში ჩაგდება სურდათ, გაფიცულ კარვისელთაგან ეს ის მიმდინარეობა იყო, აჯანყებისას სასახლის აღებითაც რომ იმუქრებოდა და თუ ეს არ მოხდა და სახელმწიფო ხელისუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდა   „ჩანს  საქართველო  ამაზე  უფრო  წინ  წასული  ქვეყანა  არ  იყო“ (ნ. ბერძენიშვილი). არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ მეტად გადამწყვეტ მომენტში თამარ მეფემ საკვირველი დიპლომატიური უნარი გამოიჩინა აჯანყების მშვიდობიანად ჩასაქრობად. ასე აღმოჩნდა საფრთხეში ხელისუფლება და თვით მეფის სიცოცხლეც.

ამ შემთხვევაში გიორგი III-ის მისამართით შეიძლება ითქვას, რომ მისი მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ახლო მანძილზე იყო გათვლილი და აშკარად წინდაუხედავი იყო. იგი მოწინააღმდეგეთა სიძულვილს ისე დაებრმავებინა, რომ არაფერს უწევდა ანგარიშს. გიორგი მეფემ ჯერ კიდევ დემნას განდგომილებისას ისარგებლა და ვაზირებად დიდგვარ ორგულ მოხელეთა მაგიერ ერთგულნი დანიშნა. მათ შორის ივანე ორბელის ადგილას ამირსპასალარად უგვარო კაცი ნაყივჩაყარი ყუბასარი დააყენა, რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ შეთქმულების დედაქალაქზე იერიშის მიტანის დროს, გაჭირვებაში ჩავარდნილ იქ მყოფ გიორგი III-ს „500 მეომარი თანამეტომე დროულად მიაშველა“.

ამ შემთხვევაში მეფეს ფეოდალური არისტოკრატიის გულისწყრომა ნაკლებად აწუხებდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ერთგულნი არ დარჩენოდა შეუმჩნეველი განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა. სწორედ ამიტომ დაჯილდოებულთა შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, ძირძველებიც, მაგრამ ყველა მათგანის დაწინაურება მხოლოდ - ერთგულების ხარისხით იყო განსაზღვრული.

მეფის ამგვარ მოქმედებას, არცთუ იშვიათად, აიგივებენ ხოლმე დავით აღმაშენებლის ანალოგიურ პოლიტიკასთან. როგორც ცნობილია, დავითმა შეძლო სახელმწიფო მართვის სისტემაში „სამოქალაქო და სამხედრო უწყებაში“ დაბალი ფენებიდან, დაბალი წრიდან გამოსული ნიჭიერი მოხელეების დაწინაურება. მაგრამ, ასეთი შედარება, ვფიქრობ, მაინც არ იქნებოდა სწორი. ვინაიდან, პირველ შემთხვევაში, მეფე მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და აქ მისთვის სულერთია პიროვნების სხვა ღირსება, გარდა ერთგულებისა, რომელსაც, საბოლოო მიზნით, თვითმპყრობელობის განმტკიცებისათვის იყენებს. ხოლო, მეორე შემთხვევაში მეფე ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ასეთ დროს, ცხადია, სოციალურად დაბალი ფენიდან დაწინაურებული კაცი გარდა ერთგულებისა ახალი საქართველოს მშენებლის ყველა ნიჭითა და უნარით დაჯილდოვებული პირია.

ამგვარი შედარებაც კი საშუალებას გვაძლევს უკეთ გავერკვეთ იმ პირობებში, რომლებიც ხელს უწყობენ და იწვევენ მმართველობის ამა თუ იმ ფორმის ჯერ განმტკიცებას, შემდეგ გადაგვარებას და ბოლოს დაცემას.

აბსოლუტიზმის მომხრენი და მოწინააღმდეგენი XII საუკუნის ქართულ საზოგადოებაში

მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო შეუზღუდავი მონარქია აბსოლუტიზმის მნიშვნელობით? როგორც ცნობილია, აბსოლუტიზმი ყველგან ჩნდება გარდამავალ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უმაღლეს დონეს აღწევს, როდესაც ძველი ფეოდალური წოდებანი იშლებიან, ხოლო შუა საუკუნეების მოქალაქეთა წოდება ყალიბდება კლასად, რომელსაც გერმანიაში – ბიურგერებს, საფრანგეთში – ბურჟუას, იტალიაში კი პოპოლანებს უწოდებდნენ.

XII-XIII სს-ების საქართველოში თუ იყო ასეთი ვითარება შექმნილი? მართალია, ყველა მკვლევარი არ იზიარებს ამ შეხედულებას, მაგრამ ყველაფრიდან აშკარაა, რომ ამის მსგავს სიტუაციას უნდა ჰქონოდა ადგილი იმდროინდელ საქართველოშიც. უკვე თავისთავად ის გარემოება, რომ სამეფო ხელისუფლება ვაჭრობის, ხელოსნობის და აღებ-მიცემობის განვითარების გზით ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის იბრძოდა, ნებით თუ უნებლიეთ, ამავე დროს, ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ახალი, ანტიფეოდალური, ბურჟუაზიული ურთიერთობების ჩასახვა-წარმოქმნისათვის ფეოდალურ საზოგადოებაში. ქვეყანაში ეკონომიკური კავშირების სიძლიერეზე მეტყველებს არაერთი ფაქტი: მათგან ჩვენ მხოლოდ ერთზე შევჩერდებოდით, ესაა – ქალაქი - რესპუბლიკების ჩამოყალიბება XI-XII სს-ების საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მოქალაქეთა ზედაფენის, „მესამე წოდების“ სიძლიერის მოწმობა იყო, მეორე მხრივ, მათი შემდგომი ზრდისა და განმტკიცების პირობაც, საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი, თბილისმა მნიშვნელოვნად გაასწრო ევროპის ბევრ დიდ ქალაქს.

ცნობილია, რომ ევროპის ქალაქები მოსახლეობის სიმრავლით არათუ იმდროისათვის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებშიც კი, მაინცდამაინც, არ გამოირჩეოდნენ. გერმანიის უდიდესი ქალაქების - ლუბეკისა და ნიურნბერგის მოსახლეობა ოცი ათასს არ აღემატებოდა. ევროპაში ათი ათასიანი ქალაქი უკვე დიდ ქალაქად ითვლებოდა, ხოლო ბევრ ქალაქში მხოლოდ ორი ან სამი ათასი კაცი ცხოვრობდა.

„მესამე“ წოდების წარმომადგენელთა გაძლიერება, მათი გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ახლებურ შინაარსს აძლევდა XII საუკუნის საქართველოს. მისი შემდგომი განვითარება ამ (ფეოდალური) ურთიერთობის რღვევისა და ახალი (ბურჟუაზიული) ურთიერთობის ჩასახვა-წარმოქმნის გზით შეიძლებოდა მხოლოდ წასულიყო.

საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შედეგად ძლიერდებოდა და მწვავდებოდა წინააღმდეგობა მეფეებსა, აზნაურებსა და „სიმდიდრით აღზევებულთა“ შორის. ყოველივე ეს კი განაპირობებდა მრავალრიცხოვან პოლიტიკურ მოძღვრებების წარმოშობას, რომლებიც გამოხატავდნენ საზოგადოებაში მებრძოლ კლასთა ინტერესებსა და მისწრაფებებს.

ხელისუფლება საზოგადოებისაგან დაბეჯითებით მოითხოვდა თვითმპყრობელობის უპირატესობის აღიარებას და კარის იდეოლოგნიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის თეორიულ დასაბუთებას ცდილობდნენ. ასე მაგალითად, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ავტორის თამარის პირველი ისტორიკოსის განმარტებით, თვითმპყრობელობა  არის „ერთმთავრობა და ერთგულება ერთისა კაცისა“, რომელსაც თვითონ ღმერთი უნერგავს ადამიანს სულსა და გულში. თვითმპყრობელობის საპირისპირო ცნებაა, ხსენებული ისტორიკოსის მიხედვით, მრავალმთავრობა, სწორედ ისეთი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენში უფრო ადრე - ფეოდალური დაქუცმაცებულობის დროს. მრავალმთავრობას, მისი სიტყვით, ახასიათებს „შური და ხდომა“. ამით დაუქცევია მას ოდესღაც ერთიანი და ძლიერი ირანის სახელმწიფო. ასე რომ, ოფიციალური იდეოლოგიით თვითმპყრობელობის უპირატესობა ეჭვგარეშეა. ამიტომ ყოველგვარი შეთქმულება და იარაღით ბრძოლა მეფის წინააღმდეგ უბოროტეს მოვლენად არის კვალიფიცირებული.

მაგრამ, იყო კი აბსოლუტიზმის სასარგებლოდ განწყობილი ქართული საზოგადოება? როგორც ჩანს - არა. მტრის რისხვად ქცეული ქვეყნისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების გაახლების საჭიროება ახალი ერის დადგომის მაუწყებელი გამხდარიყო. ძველებური ცხოვრება ქართველ საზოგადოებას უკვე აღარ აკმაყოფილებდა და ყველგან მისი ახლებურად მოწყობის საჭიროება იგრძნობოდა. ადამიანი თავისი გრძნობებით, განცდებითა და მოთხოვნილებებით თანდათან მაღლა სწევდა თავს. მისმა აზრმა, გონებამ საზოგადოებრივი ცხოვრების გზის ძიებისას, ფეოდალური ნორმებისა და სქოლასტიკური დოგმების გადასინჯვისას, აშკარად მეამბოხური ხასიათი მიიღო, ხოლო ერთ დროს ვასალურ სახელმწიფოებად დაქუცმაცებულობის მოწინააღმდეგე პროგრესული ელემენტი - სამეფო ხელისუფლება, კერძოდ, „ღვთის სწორი“ მეფე, როგორც ფეოდალური წესრიგის დამცველი უწესრიგობაში, ამ აზრის დამთრგუნველად გამოვიდა. ამიერიდან ის თავის უსაზღვრო ძალაუფლებას, რომელიც ქვეყნის გაერთიანებამ შესძინა, არა სამშობლოს ინტერესებისათვის, არამედ პირადი საჭიროებისათვის იყენებდა, რაც, ცხადია, მხოლოდ სხვათა თავისუფლების ხარჯზე მოიპოვებოდა. აი, რა დროს შეიძლებოდა საქართველოში მონარქი გამხდარიყო ტირანი, ხოლო ადამიანი თავისი გრძნობებით, განცდებით და მოთხოვნილებებით - მეამბოხე.

საქართველოს ტახტზე ქალის აყვანა მარტო ოპოზიციის დათრგუნვით და დემნას დასჯით არ გადაწყდებოდა. ამ აზრის წამომწყებს, თვითონ  გიორგის, მისი განხორციელებისათვის სჭირდებოდა დარბაზის ერთა, მაღალი ფეოდალური არისტოკრატიის გარდა, ეკლესიის მესვეურთა თანხმობა. როგორც ირკვევა, მან ამ თანხმობას მიაღწია, მაგრამ რის საფასურად? გიორგი III-ემ მოიგონა რა ქართული ეკლესიის გაჭირვება, ერთგვარი "სამადლობელი” მიუზღო ღვთისმსახურებს: გასცა სიგელი "ყოვლისა ბეგარისა უსამართლოისა და დაჭირებულისაგან” ქართული ეკლესიის ხსნისა და განთავისუფლების შესახებ.

ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მეფეს სამღვდელოებისაგან თავისი ასულისათვის სამეფო ტახტის დაკავების უფლებაზე თანხმობა მიუღია ერთგვარი დათმობის საფასურად. დათმობის ეკონომიკური მხარე უკვე აღვნიშნეთ, ახლა გავერკვეთ პოლიტიკური ხასიათის ცვლილებებშიც, რომლებსაც უთუოდ ექნებოდა ადგილი.

ეჭვი არ არის, საკითხის გამო ეკლესიის მოთათბირე თავკაცთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობოდა. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყვნენ თამარის მეფობის მოწინააღმდეგენი,  ქართველ დიდებულთაგან ქალის მეფედ კურთხევას ვინ მიემხრო. ისტორიული მასალები ამას დუმილით უვლიან გვერდს. მხოლოდ სხვადასხვა არაპირდაპირი წყაროების შეჯერების გზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გიორგი მეფის განზრახვათა განხორციელებაში ერთ-ერთი აქტიური როლი უნდა შეესრულებინა საქართველოს კათალიკოსს, რადგანაც უიმისოდ მეფედ კურთხევა ვერ შედგებოდა. მკვლევართა ერთსულოვანი აზრით ეს უნდა ყოფილიყო ნიკოლოზ გულაბერიძე, დიდად განათლებული მოღვაწე, რომელმაც “საკითხავი სვეტიცხოვლისა” დაწერა თამარის სამეფო უფლებების განსამტკიცებლად.

აი, ასეთი ერთგული კათალიკოსის გადაყენებას და სამეფო სახლისთვის ერთობ საძულველი პიროვნების მიქაელის პატრიარქობას იძულებით დათანხმდა მეფე გიორგი III, რომ სამღვდელოთაგან ქალის მეფობის უფლება მიეღო.

ამრიგად, ის ისტორიული შეთქმულება, რომელიც თამარის მეფედ კურთხევის წინა წელს მოხდა, შემდეგ თამარის ორჯერ მეფედ კურთხევა და მის გამეფებასთან დაკავშირებული პოლიტიკურ დაჯგუფებათა შორის ბრძოლა, რომლის შესახებ ყრუდ შენიშნავენ ისტორიკოსები, და ბოლოს, ნიკოლოზ გულაბერიძის ქადაგება “ღირსებისთვის დედათა პატივისა” ცხადყოფენ, რომ გამეფებასთან დაკავშირებით ქართველ დიდებულთა, მეტადრე სამღვდელოებათა ბანაკში, ორი პოლიტიკური მიმდინარეობა არსებულა. მათ შორის გარეგნულად საცილობელი გამხდარა ქალის გამეფების შესაძლებლობის საკითხი. ერთი ნაწილი (გიორგი მეფის ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფი) იცავდა ქალის მეფობის უფლებებს. მთელი თავისი ძალით იბრძოდა თამარის გამეფებისათვის, ხოლო გამეფების შემდეგ მისი სახელმწიფოებრივი უფლება - მოვალეობისა და ავტორიტეტის განმტკიცებისათვის. სამაგიეროდ დიდებულთა მეორე ნაწილი იღვწოდა ქალის გამეფების საწინააღმდეგო საბაბით, ხოლო არსებითად სამეფო უფლებების მიტაცებისა თუ სხვა სახელმწიფოებრივი თანამდებობის ხელში ჩაგდებით - მეფის უფლებათა შეზღუდისთვის.

ეს გარემოება ივ. ჯავახიშვილისათვის, ისევე როგორც სხვა მკვლევართათვის, საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ამის მიუხედავად ჩვენთვის გაუგებარი რჩება აზრი და შეფასება, რომელსაც აკუთვნებენ მიქაელ კათალიკოსს. ტრადიციული შეხედულებით, მიქაელი ცნობილი კარიერისტი და მძლავრობის მოტრფიალე კაცია, სახელმწიფოებრივ უფლება-მოვალეობაში მისი ავტორიტეტის წარმოსადგენად ისიც იკმარებდა, რომ ეკლესიის წინაშე გიორგი III-ის დათმობათა ერთ-ერთი თავკაცთაგანი და მოთავე იყო, ხოლო მიქაელის პიროვნების შეფასებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგიც, რომ ის იყო დამწყები იმ დიდი ბრძოლისა მეფის თვითმპყრობელობის მომხრეთა და მის მოწინააღმდეგეთა შორის, რომელიც გიორგი III-ის დროს დაიწყო და თამარის მეფობის მთელ მანძილზე არ შეწყვეტილა. ეს ბრძოლა ხან პოლიტიკური გაფიცვით ხასიათდებოდა (ყუთლუ-არსლანის განდგომა), ხან შეიარაღებული შეთქმულების სახეს ღებულობდა, ხან კი ფარულ ფორმებში მიმდინარეობდა.

შედეგი კი იყო ის, რომ მეფის ხელისუფლება სახელმწიფო დარბაზის "თანადგომითა და ერთნებაობით” თვალსაჩინოდ შეიზღუდა. ივ.ჯავახიშვილის განმარტებით: "თამარის მეფობის დროს საქართველოში დამყარდა შეზღუდული მონარქია”.

და ბოლოს, მეტად საინტერესოა რუსთაველის დამოკიდებულება მიქაელისადმი. როგორც ცნობილია, ის თავის პოემაში ავტორს დადებითად ჰყავს მოხსენიებული, რაც მკლევართათვის გაუგებარი და უმეტეს შემთხვევაში უმართებელოდაა გაგებული. რა თქმა უნდა, ქალის მეფობის საკითხში, როგორც თანამოაზრე რუსთაველთან უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო კათალიკოსი ნიკოლოზი, მაგრამ, როგორც შენიშნავს კ.კეკელიძე: "ქალის უფლების” საკითხი, როგორც არ უნდა ესმოდეთ ეს ჩვენს მკლევართ, არ არის მთავარი, ცენტრალური საკითხი "ვეფხისტყაოსნისა”. ესეც არ იყოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოეტი გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელია, რომლის იდეალიც რიგი საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში გამოჩნდება. ამჯერად კი ჩვენთვის მნიშვნელოვნად და საგულისხმოდ ჩანს ის ფაქტი, რომ რუსთაველი თამარის ისტორიკოსთაგან უდიერად მოხსენიებულ კათალიკოსს სულ სხვა კონტექსტში წარმოგვიდგენს.

მაგრამ ბრძოლა თამარ მეფის უფლებათა შეზღუდვისათვის ამით არ დამთავრებულა. ფაქტობრივად, გიორგი რუსის თამარის საქმროდ მოყვანა, გაძევება და შემდეგ საქართველოს ტახტის დაბრუნების მისი ცდები ამ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია, 1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა. არჩევანი შეჩერდა დავით სოსლანზე. მეტად საგულისხმოა მკლევართაგან გამოთქმული მოსაზრებანი, რომ "რუსი კარვისელთა“ კანდიდატი იყო, ხოლო დავით სოსლანი "ერთგულთა” სასურველი. გამოდის, რომ ორივე შემთხვევაში თამარის შეუღლება გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი და არა სიყვარულით. მართალია, იძულებითი ქორწინება იმ ეპოქისთვის   არ უნდა გამოიყურებოდეს უჩვეულოდ, მაგრამ უჩვეულოა ის, რასაც ამ შემთხვევისთვის რუსთაველი მოითხოვს.

როგორც არაერთხელ აღნიშნულა, რუსთაველმა გაილაშქრა ქალ-ვაჟის ძალდატანებით შეუღლების წინააღმდეგ და დაგმო იძულებითი ქორწინება, ხოლო ცოლქმრული ურთიერთობის საფუძვლად აღიარა თავისუფალი სიყვარული: სიყვარული, რომელიც ადამიანს ამაღლებს და აკეთილშობილებს ზნეობრივად. პოემაში მან მოძღვრება სიყვარულზე ლოგიკურ ფორმულებში კი არ ჩამოაყალიბა, არამედ, მხატვრულ სახეებში განავითარა კონტრასტული სიტუაციების დახატვით და პერსონაჟთა კონფლიქტებით.

თავისუფალი სიყვარულის უფლების მოსაპოვებლად პოეტმა თანადროული სინამდვილის შეცვლის აუცილებლობა გამოაცხადა. ხოლო კითხვაზე თუ რატომ მაინცდამაინც არსებული საზოგადოებრივი წყობილების? - პასუხს "ვეფხისტყაოსანი” იძლევა.