ირაკლი კობახიძე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა

გუშინ, მისი განცხადებებით გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, არის რეალური. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა მან, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და ის იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა.

„რაც შეეხება, თავის დროზე თავდაცვის მინისტრის დანიშვნას, მაშინ პრემიერი იყო გახარია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები, როდესაც მთავრობის ფორმირება ხდებოდა, ბუნებრივია, ეს პოლიტსაბჭოს ფორმატში განიხილებოდა, სადაც ჩართული იყო როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი. ამ ფორმატში მიიღებოდა ასეთი გადაწყვეტილებები. პოლიტსაბჭო არის ის ორგანო პარტიაში, სადაც განიხილება ყველა საკვანძო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასეთია მინისტრების დანიშვნაც და ყოველთვის, როდესაც პრემიერს ამ ტიპის გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, ბუნებრივია, აზრს ეკითხება პოლიტიკურ საბჭოს, ეს სრულიად ჯანსაღი პროცესია. როდესაც ჩვენ პარლამენტში გვაქვს გადასაწყვეტი პრინციპული საკითხები, აზრს ვეკითხებით პოლიტსაბჭოს, განსაკუთრებით პრემიერის პოზიცია არის ჩვენთვის საინტერესო და ანალოგიურად, როდესაც მთავრობის მეთაური იღებს სამთავრობო საკვანძო გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ის ეკითხება აზრს პოლიტიკურ საბჭოს. ეს ჯანსაღი პროცესია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.