ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები. როგორც მეუფემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, განკვეთილ ბერებს შეუძლიათ საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან.

მეუფე სამონაზვნო ცხოვრებიდან განკვეთილი სასულიერო პირებს ურჩევს, იმოქმედონ გონებით და წავიდნენ მშვიდობით. მისივე თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად სასულიერო პირები მაინც დატოვებენ მონასტერს.

გასულ კვირას, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხისა და არეულობის მცდელობის ბრალდებით მიტროპოლიტმა 10-მდე სასულიერო პირი სამუდამოდ განკვეთა სამონაზვნო ცხოვრებიდან. თავის მხრივ განკვეთილი ბერები ისევ რჩებიან სალხინოში მამათა მონასტერში. ისინი კელიების დატოვებას არ აპირებენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე - სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.