საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი, ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. აღარ ავხსნი რატომ. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი რომ, ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს - საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან! და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი - იქნებ მმართველი პარტიისკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი. ამასთანავე, აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ორი ინტერესის ჯგუფი გაერთიანდა - დესტაბილიზაციის მსურვილთა, რათა შეჩერდეს დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი პოზიციების გაძლიერება და სულაც, უკან დაიწყოს სვლა. მეორე - კონკრეტული პოლიტიკური ძალის, რათა არჩევნებში გამარჯვების უპერსპექტივობას ქვეყანაში დესტაბილიზაციით უშველონ რამე“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.
ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.