კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო

კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო

საზოგადოების მრავალწლიანი ზეწოლის შემდეგ, კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ვაღიარებთ ჩვენი, კათოლიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილ მძიმე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სულიერ, კულტურულ და სექსუალურ დარღვევებს. ასევე, მწუხარებით ვაღიარებთ, ძირძველი ხალხისთვის, დღემდე არსებულ გამოწვევებსა და ტანჯვას“, - აღნიშნულია ეპისკოპოსთა ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

1831 წლიდან, მე-20 საუკუნის ბოლომდე, კანადის სკოლები იძულებით აშორებდა მკვიდრი მოსახლეობის შვილებს ოჯახებისგან, რის შემდეგაც, ბავშვების დიდი ნაწილი, სკოლებში, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც, შიმშილს, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

საზოგადოების ზეწოლა, კათოლიკურ ეკლესიას ბოდიში მოეხადა, მას შემდეგ გაიზარდა, რაც კანადაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში, 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, კამლუპსის სკოლა-ინტერნატი აბორიგენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა, 1969 წლამდე ფუნქციონირებდა და, პიკის პერიოდში, 500 მოსწავლეს იტევდა. ზოგიერთი გარდაცვლილის ასაკი 3 წელს არ აღემატებოდა.