ნანა კაკაბაძე: თავის დროზე, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად გახარიამ წარადგინა - მისი ინტერესია არა კანონით გათვალისწინებული ქმედება, არამედ - პოლიტიკური გემოვნება

ნანა კაკაბაძე: თავის დროზე, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად გახარიამ წარადგინა - მისი ინტერესია არა კანონით გათვალისწინებული ქმედება, არამედ - პოლიტიკური გემოვნება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განმარტებით, ინსპექტორის სამსახური შერჩევით განიხილავს საქმეებს. მისთვის გაუგებარია, რატომ დააჯარიმა შსს ლაშქარავას საქმეზე 2000 ლარით, მაშინ, როდესაც ინსპექტორის სამსახურს, საპატრიარქოს ფაილების გავრცელების გამო, არცერთი ტელევიზია არ დაუჯარიმებია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, გახარიას კადრია და სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების დისკრედიტაციას ლაშქარავას თემის აქტუალიზებით, მიზანმიმართულად ცდილობს.

„თავის დროზე, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად გახარიამ წარადგინა. ეტყობა, დღესაც, ის წარმოადგენს გახარიას მხარეს და მოქმედებს პოლიტიკურად ანგაჟირებულად. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელ პიროვნებებსა და საპატრიარქოზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისთვის, არ იწყებს გამოძიებას და არ აჯარიმებს შესაბამის ტელეკომპანიებს, ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლაშქარავას კადრებთან დაკავშირებით, 2-3 თვის დაგვიანებით, იღებს გადაწყვეტილებას და აჯარიმებს შსს-ს. მისი ინტერესია არა კანონით გათვალისწინებული ქმედება, არამედ - პოლიტიკური გემოვნება. მისთვის ესაა წინა პლანზე. ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან და ქალაქის პროკურორისგან, სასწრაფოდ დაინტერესდეს თოლორაიას ქმედებით, მის მიერ შსს-ს 2 000 ლარით დაჯარიმების შესახებ და ასევე, თოლორაიას უმოქმედობით, როდესაც ის არ აჯარიმებს ჩემზე, სხვა მოქალაქეებსა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მასობრივად გავრცელებულ, პირადი შინაარსის ჩანაწერების გამო“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.