არტურ ბრაუნის შეშლილი სამყარო

არტურ ბრაუნის შეშლილი სამყარო

ბითლზმა, რომელმაც ალბომ Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band-ით, საფუძველი ჩაუყარა როკ მუსიკის ახალ ტენდენციებს როგორც იდეური, ასევე ხმის ჩაწერის კულტურის თვალსაზრისით, მალე ასახვა ჰპოვა როკ შედევრებში, რომელთა შემქმნელებს თითქოს ნაკლები კავშირი უნდა ჰქონოდათ ლენონ/მაკარტნის ტანდემთან და თავად უნდა ეკარნახათ პოპ მუსიკის მოყვარულებისათვის ბრიტანული როკის განვითარების გზები, რაც აუცილებლად კავშირში უნდა ყოფილიყო ვნებებთან, სტიმულატორებთან, გარკვეულ პროტესტთან, პიროვნულ დაპირისპირებებთან, ბლიუზური ხელოვნების განსხვავებულ ხედვასთან, კლასიკური მუსიკის ელემენტების მიზანმიმართულ ჩართვასთან და კიდევ... უბრალოდ გართობასთან.

ყოველივე ეს იქცა როკ  მუსიკის ისტორიაში ვინძლო ყველაზე თვალწარმტაც პერიოდად, რომელიც ინგლისში დაახლოებით 1967-1971 წლებში, ხოლო ამერიკაში კი 1964-1968 წლებში მძვინვარებდა, მერე გადაინაცვლა სკანდინავიის ქვეყნებში და ვერასოდეს მოაღწია ჩვენამდე, მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანას პრეტენზია გვაქვს როკულობაზე. ანუ „როკი და როკვა ქართულად“ სრულყოფილად ვერ შედგა. ზემოთ ნახსენებ როკ სფეროს კი ფსიქოდელიური როკი ეწოდება, რაც ჩვენებური ხედვისგან განსხვავებით, მხოლოდ სიდ ბარეტისა და ჯიმ მორისონის სახელთან არ ყოფილა გაიგივებული...

თურმე სხვებიც არსებობდნენ. ადამიანები, რომლებიც ფაშისტური გერმანიის ჯარების მიერ ლონდონის დაბომბვისას, ნაადრევად იბადებოდნენ, ბავშვობაში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“-ს კითხულობდნენ, შემდეგ შავკანიანთა მუსიკით იკვებებოდნენ და საბოლოოდ საკუთარ შედევრებს ქმნიდნენ, რომლებიც ქართველ მსმენელამდე კანტიკუნტად თუ აღწევდნენ, სამშობლოშიც როკის მხოლოდ ჭეშმარიტი გურმანების ნადავლად რჩებოდნენ და ისტორიაში შედიოდნენ, როგორც გამორჩეული ნამუშევრები...

ასეთია Crazy World Of Arthur Brown. ამ ალბომს ყოველივე ზემოჩამოთვლილთან ერთად, ერთი უცნაური თვისება გააჩნია. 1968 წლის Track Records -ის ორიგინალური ვინილის დისკის გარეკანიდანაც კი ვერ შეიტყობთ აქ მონაწილე მუსიკოსების ვინაობას... 

გარკვეულ ინფორმაციას არტურ ბრაუნის ნაწარმოების შესახებ, ამ ალბომში მონაწილე დრამერ დრაჩენ ტიკერისაგან ვგებულობთ, თუკი მას სარწმუნო წყაროდ მივიჩნევთ, რადგან თავად არტურ ბრაუნს ისიც კი არ ახსოვს, რომ ალბომზე მუშაობის პერიოდში, ვინმე კერმა და ფაინსილვერმა მიაკითხეს. ამ პიროვნებებს მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი არტურ ბრაუნისაგან, თვით მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტ Fire-ზე თანაავტორობის ნებართვა აუღიათ, „წილში ჩაჯდომიან“ და დღევანდლობამდე ამ სიმღერის გასწვრივ ავტორებად (Brown-Crane-Cerr-Finesilver) მოიხსენიება.

რაც შეეხება ამ უკვდავი ჰიტის ჭეშმარიტ თანაავტორ უინსენტ ქრეინს, იგი ამერიკულ ტურნეში ყოფნისას, Crazy World Of Arthur Brown-ის იმ პერიოდის დრამერ კარლ პალმერთან ერთად, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა. დუეტმა იქიდან დაბრუნების შემდეგ Atomic Rooster შექმნა, ხოლო Crazy World Of Arthur Brown კი 2000 წლამდე ისტორიას ჩაბარდა, რადგან არტურმა 1971 წელს Kingdom Come ჩამოაყალიბა, ხოლო კაცი - შეშლილი სამყარო კი თურმე მხოლოდ 21-ე საუკუნეში უნდა გამოჩენილიყო, რათა იუბილე რობერტ პლანტისა და ელის კუპერის გარემოცვაში, „ვამპირთა კლუბში“ აღენიშნა...

Crazy World Of Arthur Brown კი იმავე დრაჩენ ტიკერის აზრით, გაცილებით უკეთესი ალბომი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ არა იმავდროულად The Who-ს პროდიუსერ კიტ ლამბერტის „ბინძური ხელები“, რომელმაც „ორკესტრული არანჟირებების ჩართვით გააოხრა ალბომი“. ალბათ ძნელია დაეთანხმო ამ შემთხვევაში „გაბოროტებულ“ დრამერს, რომელიც შეიძლება იმიტომ ფიქრობდა ასე, რომ მომავალში Emerson, Lake & Palmer-ის ბუმბერაზმა დრამერმა ჩაანაცვლა, მაგრამ მოდით მისგან ის მაინც დავიჯეროთ, რომ ალბომის ჩაწერაში ჯონ პოლ ჯონსი მონაწილეობდა...

ახლა კი თავად ალბომს მივყვეთ და დავახასიათოთ. Prelude Nightmare მომავალში კიდევ ერთ ბუმბერაზ ალბომ - King Crimson-ის THRAK-ის შესავალს მოგვაგონებს; სევდიანი ორკესტრული ინტრო Fanfare Fire Poem -ში გადადის და არტურ ბრაუნიც მზადაა, რომ მსმენელში შეშლილი სამყაროს ფსიქოდელიური ცეცხლი დაანთოს. განსხვავებული ხედვით წარმოჩენილი როკ’ნ’როლი ფსიქოდელიური ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰიტად იქცა, რომელსაც არტურ ბრაუნი დღემდე ნებისმიერ კონცერტზე ასრულებს.

ალბომში ნამდვილი ინგლისური ფსიქოდელიის მეორე ტალღას უკვე Come And Buy განასახიერებს, რომლის როკ ოპერული ტენდენციები სულ მალე ენდრიუ ლლოიდ უებბერის უკვდავ ნაწარმოებზე, ხოლო არტურ ბრაუნის ვოკალური ხელწერა კი Deep Purple In Rock-ში იან გილანზე აისახა. Time Confusion კიდევ ერთი ცენტრალური კომპოზიციაა არტურ ბრაუნის უმძლავრესი ხმით. არტური ზოგჯერ გმინავს, ზოგჯერ ძლიერი და ზოგჯერაც  საწყალი კაცის განწყობის გამომხატველია, მაგრამ რაც მთავარია სასიამოვნო და განუმეორებელი ხმის ტემბრით... 

I Put A Spell On You ფსიქოდელიურ ჭრილში განჭვრეტილი ტრადიციული ბლიუზია. საინტერესოა, რომ ეს სიმღერა 1968 წელს სადებიუტო ალბომში კიდევ ერთმა, არტურ ბრაუნისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ყაიდის ჯგუფმა Creedence Clearwater Revival-მა შეიყვანა. ამგვარად დააკავშირა ბლიუზმა ერთმანეთთან ბრიტანული ფსიქოდელია და შედარებით მსუბუქი ამერიკული ქანთრი-ბლიუზ როკი.

Spontaneous Apple Creation არტურისთვის დამახასიათებელი ბოდვითი ფსიქოდელიაა უინსენტ ქრეინის ამ ბოდვაზე ბოლომდე ამყოლი კლავიშური დანართებით, Rest Cure მცირე პერიოდით განმმტვირთველი სიმღერაა ბოლოსკენ ქრეინის უცნაური ჯაზური ყაიდის სოლოთი, ხოლო I’ve Got Money კი ბრაუნ/ქრეინის ტანდემის შესანიშნავი გამოხატულებაა მძაფრი და მწვავე როკ’ნ’როლის ფონზე, არტურის ჩახრინწული და დაბოხებული ხმითა და ქრეინის პარანოიკული სოლოთი. Child Of My Kingdom უბრალოდ მუსიკალური ნაწარმოების  ერთგვარი  დამაბოლოვებელი შემკრები კომპოზიციაა, რომლის თითქოს თითოეული ფრაგმენტი მოსმენილი გვაქვს იქამდე ალბომში. სიახლე აქ მხოლოდ სტვენის ელემენტია, რაც არტურ ბრაუნის ცხოვრების განუყრელი ნაწილია  Crazy World Of Arthur Brown-ით, გლასტონბერის 1971 წლის ფესტივალით, კლაუს შულცესთან, ბრიუს დიკინსონთან ვოკალური მონოლოგებით დაწყებული, თუ 2002 წელს განახლებული მისი მარადიული შეშლილი სამყაროთი დასრულებული.

სამი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ჩაწერილი ალბომების შემდეგ, 2000 წელს „შეშლილი სამყაროს“ აღდგენა კი გამოძახილი იყო იმ უკვდავი როკული სულისკვეთებისა, რაც მარადიულ როკს განასახიერებს განუმეორებელი ფსიქოდელიური სურნელებითა და აბსოლუტური უკომპრომისობით მუსიკალური შოუ ბიზნესის მოთხოვნების მიმართ.

21-ე საუკუნეში Crazy World Of Arthur Brown-ის მიერ გამოცემულ სამ სტუდიურ ალბომში, არაერთი ძველი სიმღერა ხელახლა შესრულდა სრულიად განსხვავებული არანჟირებითა და არტურ ბრაუნის შეუზღუდავი ვოკალური შესაძლებლობების თანხლებით. უცნაურია, მაგრამ სამოცდაათ წელს მიღწეული დიდი მომღერლის ხმის ტემბრი, სცენაზედაც კი ინარჩუნებს 60-იანი წლების ახალგაზრდულ ენერგეტიკას, სტილისტურად გადმოსცემს რა ფსიქოდელიური სოულისა და რიტმ ენდ ბლიუზის გაუგონარ ნაზავს. ამიტომაცაა არტური მრავალი მსმენელისთვის გაუგებარი და მიუწვდომელი...