დიდი ქართველი მეცნიერის, ორიენტალისტისა და ისტორიკოსის გოჩა ჯაფარიძის ხსოვნას მიეძღვნა „საისტორიო კრებულის“ მერვე ტომის პრეზენტაცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კრებულში შესულია ცნობილი მეცნიერისა და მისი კოლეგების სტატიები, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი მოგონებები გოჩა ჯაფარიძის შესახებ როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. „საისტორიო კრებულში“, აგრეთვე, შესულია მეცნიერის ნაშრომების ბიბლიოგრაფია და სამეცნიერო მიმოხილვა.
„გოჩა ჯაფარიძე ძალიან დიდი მეცნიერი გახლდათ. მას ორიენტალისტიკის, ისტორიოგრაფიის მიმართულებით ბევრი სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა დიპლომატიურ ასპარეზზე. გოჩა ჯაფარიძემ შექმნა მთელი ეპოქა; მან მეცნიერულ დონეზე გააცნო ახლო აღმოსავლეთი საქართველოს და საქართველო ახლო აღმოსავლეთს.
მეცნიერის ხსოვნის საპატივცემლოდ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების გადაწყვეტილებით, დაწესდა გოჩა ჯაფარიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს გადაეცემა. ამით უკვდავვყოფთ გოჩა ჯაფარიძის სახელს,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ „საისტორიო კრებულში“ თავმოყრილია მეცნიერის წერილები იმ თემებზე, რომლებზეც თავად მუშაობდა. ესენია ორიენტალისტიკის, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის, სამხედრო ისტორიისა და ნუმიზმატიკის საკითხები. ჭეშმარიტი უნივერსიტეტელის გოჩა ჯაფარიძის ნათელი კვალი ძალიან დიდხანს გაყვება კოლეგებს, სტუდენტებს და ყველას, ვისთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა.“
გოჩა ჯაფარიძე იყო ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფართო მასშტაბის მეცნიერი, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის საკვანძო პრობლემათა მკვლევარი, მნიშვნელოვანი მონოგრაფიებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, არაბისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების ყოფილი დეკანი, წლების მანძილზე აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე, 1998-2010 წლებში საქართველოს საელჩოს დესპანი ეგვიპტეში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის 5 ქვეყანაში (საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტესა და სირიაში. მისი უნიკალური ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.
გოჩა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი კრებული დიდგორის ომის 900 წლისთავზე გამოდის, გამარჯვების წლისთავზე იმ მეფისა, რომელსაც მეცნიერმა მიუძღვნა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი და რომლის ეპოქა და მოღვაწეობა ახლებურად და არსებითად გააშუქა თავისი ცნობილი მონოგრაფიით − „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში“. იგი „საისტორიო კრებულის“ დამფუძნებელიც გახლდათ.