მე-15 საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

მე-15 საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

მე-15 საერთაშორისო ონლაინ სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი სიმპოზიუმის თემაა „ლიტერატურა და პანდემია, ისტორიული და თემატური გამოცდილება“. ღონისძიების ორგანიზატორია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). 

„წლევანდელი ონლაინ სიმპოზიუმის თემატიკა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან იგი  მწერლობისა და ხელოვნების კონტექსტში პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეხება. ვსაუბრობთ პანდემიაზე, იზოლაციაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რაც პანდემიამ გააჩინა ლიტერატურასა და კულტურის დარგში,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა. 

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირმა რატიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმმა 15 წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ თემებზე იმუშავა. იგი იქცა ლიტერატურულ  დიალოგად და ერთგვარ ბრენდადაც ჩამოყალიბდა. მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, სიმპოზიუმში  80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოს თერთმეტი  ქვეყნიდან: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი,  ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო,  ყაზახეთი და სხვა.

სიმპოზიუმის ფარგლებში მეცნიერების მოხსენებები შეეხება  თანამედროვე მსოფლიო მწერლობას პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.);  ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს; მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში; პანდემია - ტექსტის თემა; „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში; კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება  ლიტერატურულ პროცესში; პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში; პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე; ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.