შალვა პაპუაშვილი: მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას, რომელსაც მართლაც აქვს საზღვარი

შალვა პაპუაშვილი: მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას, რომელსაც მართლაც აქვს საზღვარი

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები იყო მიზანმიმართული და თავხედური პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ, კანონის ფარგლებში, აუცილებლად გავცემთ პასუხს“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებისა და აქტივისტების „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეჭრას.

ის მომხდარს, რამდენიმე დღის წინ, ქარელში განვითარებულ მოვლენებს ადარებს და აღნიშნავს, რომ დღესაც, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, მიზანი პროვოკაცია იყო.

„ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს. „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე, მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. მესმის რომ ეს არის ურთულესი მოსათმენი, მაგრამ ამას ხედავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და აქტივისტები „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.