ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე ომბუდსმენის აპარატის შეფასებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს - რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი, არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

„ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს - რომ სამწუხაროდ ომბუდსმენის ინსტიტუტი, არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდე ერთხელ ხაზს უსვამს რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს პირველ შეფასებას აძლევს ომბუდსმენის აპარატი. გამოძიების დასრულებამდე სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდება მისთვის შემაშფოთებელია.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.