პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სავარაუდოდ ორ დღეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განცხადება გაკეთდება, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა კი ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.
„წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.