იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ადვილად იშიფრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტზე „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც აცხადებდნენ, რომ მრავალჯერადი მოტეხილობები აქვს, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ ეს თემა მათთვის იგივეა, რაც გარდაცვლილი ლექსოს თემა იყო.
„ლექსოს სურათებს დასანიავებლად იყენებდნენ. ისინი თესავენ სიძულვილს, ხანდახან რაღაც მომენტებში გამოხტება ხოლმე ამ, სიძულვილის მომკის პროცესი, რომელიც ცალკე გამოიყოფა. ჟურნალისტი რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შემხვედრია, თვითონ ხელი შემიშველებია, „მთავარი არხის“ ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად მომსდევდა, ოპერატორი, რომელსაც ხედვის არეალი ნაკლები აქვს, მოჰყვება ამ ჟურნალისტს. რამდენჯერ კიბის გვერდზე ჩაუვლია ამ ყველაფერს. როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, იქ შეიძლება ფეხიც გადასცდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.