გიორგი გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფარული ჩანაწერები მის პერიოდშიც იყოს და მის ადგილზე ცოტა ფრთხილ განცხადებებს გავაკეთებდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ის, რაც არის, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა გახარიას ადგილზე ასეთ თამამ განცხადებებს არ გავაკეთებდი, რადგან შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო ეს ქაოსი და გაუგებრობა, როცა თურმე, გარკვეული მასალები ასე მიმოფანტული იყოს და შეიძლება ვინმეს ჰქონდეს წვდომა ასეთ მასალებზე. ეს არის გამოძიების საგანი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კონკრეტული პირები გამოიკითხებიან, ვისი პასუხისმგებლობა იყო და როგორ მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.