ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა და მათ დაჰპირდა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ „ბინძური კამპანიის“ შესაჩერებლად. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ესაუბრა.
„რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მეუფეებთან და საპატრიარქოსთან, დავაფიქსირე ჩემი წუხილი, ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს. რა თქმა უნდა, მედიის როლი ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს მთელ ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.