ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიც უკრაინა და საქართველო არიან

ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიც უკრაინა და საქართველო არიან

ევროპარლამენტმა რუსეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსეთისთვის დემოკრატიული მომავალი შესაძლებელია და რომ ევროკავშირის საბჭომ ამ სცენარისთვის სტრატეგია უნდა მიიღოს, რომელიც შიდა დემოკრატიული ტენდენციების გასაძლიერებლად სტიმულებსა და პირობებს მოიცავს.

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიას, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიც უკრაინა და საქართველო არიან, და ხელი შეუწყოს რეგიონში ევროპულ რეფორმებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, დესტაბილიზაცია, გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაა მოყვანილი.

„ევროკავშირის წარუმატებლობამ ადეკვატურად ეპასუხა რუსეთის სხვადასხვა აგრესიაზე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთს უბიძგა გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები, როგორც თავის სამეზობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რითაც შეასუსტა და შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა ევროპაში და სხვაგან“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმოს რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი ჩარევა შეიარაღებულ კონფლიქტებში.

„ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან უპირობოდ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დებულება, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი სამხედრო ძალების გაყვანის ვალდებულება“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი კრიტერიუმების შესრულების მხარდაჭერა.