აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორია” გაიხსნა

აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორია” გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) რექტორმა, როლანდ კოპალიანმა უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სემეკის აუდიტორია გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტისა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სემეკის ორგანიზებითა და დაფინანსებით აუდიტორია აღიჭურვა სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნებით. ამასთანავე, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა და აუდიტორიაში განთავსდა ნეტო აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის, ასევე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარების სრულ ციკლს.  

„რამდენიმე თვის წინ, ჩემი ვიზიტისას აწსუ-ში, ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შევპირდი, რომ უნივერსიტეტს ექნებოდა თანამედროვე და სწავლის პროცესისათვის მნიშვნელოვანი საგნებით აღჭურვილი აუდიტორია. დღეს შევასრულე პირობა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადავეცით ის საგნები, რომლებიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. გადავეცით ნეტო აღრიცხვის მაკეტი. ეს არის უნიკალური მაკეტი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით. მაკეტზე მიმდინარე პროცესის სინქრონულად პროგრამა ასახავს ელექტროენერგიის გამომუშავების, მოხმარებისა და ქსელში მიწოდების სრულ ციკლს.  ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების ჩამოყალიბებას და ყველა იმ უნივერსიტეტში, რომელსაც გააჩნია ენერგეტიკის ფაკულტეტი სწავლის პროცესი გავხადოთ უფრო საინტერესო და ენერგეტიკაში უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ “, - განაცხადა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.