ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო დააზიანონ

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო დააზიანონ

რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ ჩემთვის მიუღებელია პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი უერთდება ირაკლი კობახიძის მოწოდებას პარტიის წევრების მიმართ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან პროვოკაციებია მოსალოდნელი.

„ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დასადგენია, რა მოხდა ქარელში. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას გუშინდელი კადრები, თუ როგორ გადავარდა „მთავარი არხის“ ოპერატორი, არ უნახავს.

„რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ ჩემთვის მიუღებელია პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობისა და პროგრესის წლები“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.