ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული იმაში, რომ ოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის საქართველო მუდმივად იყოს დღის წესრიგში და ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან ოკუპაციასთან მიმართებით, მუდმივად იყოს მაღალ დონეზე დღის წესრიგში. ბუნებრივია, ჩვენი დიპლომატიური ხაზებით გაგრძელდება მუშაობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, პარლამენტი - ყველა არის ჩართული ამ სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ხმას ყველას მივაწვდენთ, განსაკუთრებით ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ანგარიში, რომლის ავტორებიც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევენ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე.