საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა არიან სხვა პარტიები და ა.შ. ამას საზოგადოება შეაფასებს და პირველ რიგში ეს შეფასება გაკეთდება 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კომახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რა არის აქ ავთენტური.
„იმ ჩანაწერებში, რომელთა გამოქვეყნებაც ახლა ხდება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი ტელეარხების მიერ, თუ ამაში რამე არის ავთენტური, მაშინ უშუალო პასუხისმგებლობა ორ სუბიექტს ეკისრებოდა, ვინც არის პასუხისმგებელი შესრულებაზე და კონტროლზე. ამაზე იყო დღეს მინიშნებებით საუბარი. ორივე მათგანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფების წევრი. ძალიან მარტივი ლოგიკაა საითაც მიდის ისრები. რაც მთავარია, ვერაფერი საინტერესო ვერ გამოაქვეყნეს. არის რაღაცეები, ტყუილ-მართალი, რაზეც ჩვენ დღეს გავაკეთეთ განცხადება. რაღაცა შეიძლება იყოს სიმართლე, რაღაცა - ტყუილი, თუმცა ვერაფერი საინტერესო ვერ დადეს და ვერაფრით ვერ აღძრეს საზოგადოების ინტერესი, რაზეც საუბრობენ სხვათა შორის ამ ტელევიზიებში, რომ რეალურად გეგმა ჩაუვარდათ. ხვალაც დადებენ ალბათ, ასეთ უინტერესო ჩანაწერებს. ზოგი შეიძლება იყოს ტყუილი, ზოგი სიმართლე, ზოგი ნახევრად სიმართლე, არ ვიცი, არავისთვის არ არის ეს ყველაფერი საინტერესო. საზოგადოებისთვის საინტერესოა ის, როგორ პოლიტიკურ ძალებთან აქვს მას საქმე. საბოლოო ჯამში საზოგადოებამ ძალიან კარგად იცი, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა არიან სხვა პარტიები და ა.შ. ამას საზოგადოება შეაფასებს და პირველ რიგში ეს შეფასება გაკეთდება 2 ოქტომბერს. აქ შეიძლება დადგეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რაც ამ კონტექსტში არის მნიშვნელოვანი, არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ყოფილა თუ არა ასეთი პრეცედენტი. როგორ შეიძლება კონკრეტული უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, მეორე პირი უსაფრთხოების უწყებაში, უცებ, ერთ წელიწადში გახდეს პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. აქ არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. რაღაც ინფორმაციები ნებისმიერ უსაფრთხოების სამსახურს აქვს. აქ არის პირდაპირი, სუბიექტური ინტერესი, რომ შენ, შენს მიერ უწყებრივად მოპოვებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. ამაზე ის კონკრეტული პირი კი არ არის პირველ რიგში პასუხისმგებელი, ვინც დღეს ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურიდან პოლიტიკურ პროცესებში, რა თქმა უნდა, ამ პარტიის ლიდერია პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებელი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ღირებულებებზე, რომლის მატარებელიც არის ეს კონკრეტული პირი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.