შესაძლებელია თუ არა ქვეყანამ მეხუთე ტალღას თავი აარიდოს, ამ კითხვაზე ექიმებს პასუხის გაცემა უჭირთ. ექიმები აცხადებენ, რომ მეხუთე ტალღისგან თავის დაცვა მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
„თუ მიზეზი სეზონური გავრცელების მატება იქნება, მასთან ბრძოლა შეგვიძლია არსებული რეკომენდაციებითა და ვაქცინაციით. ხოლო, თუ მიზეზი ვირუსის ახალი მუტაციური შტამის წარმოქმნა გახდა, არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს გაუჭირდება მასთან ბრძოლა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.