The Lancet: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენება საჭირო არ არის

The Lancet: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენება საჭირო არ არის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ფართოდ გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ვაქცინა საკმარისად ეფექტურია მძიმე დაავადებების წინააღმდეგ. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის ანგარიშშია ნათქვამი.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „დელტა“ ვარიანტის საფრთხის შემთხვევაშიც კი, ფართო მოსახლეობისთვის გამაძლიერებელი დოზების მიცემა პანდემიის ამ ეტაპზე შესაფერისი არ არის.

ანგარიშის ავტორებმა, რომლებმაც კლინიკური კვლევები მიმოიხილეს, დაადგინეს, რომ ვაქცინები ძალზე ეფექტურია COVID-19-ის მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ ვირუსის ყველა ძირითად ვარიანტში, მათ შორის „დელტა“ ვარიანტში, თუმცა უფრო დაბალი დონის წარმატება აქვთ ასიმპტომური დაავადების პრევენციაში.

„მთლიანობაში, ამჟამად არსებული კვლევები სარწმუნო მტკიცებულებას არ იძლევა მძიმე დაავადებებისგან დაცვის არსებითად შემცირების შესახებ, რაც ვაქცინაციის უპირველესი მიზანია“, - აღნიშნა ანგარიშის წამყვანმა ავტორმა, ანა-მარია ენაო-რესტრეპომ, რომელიც ჯანმოს წარმოადგენს.

მისი თქმით, ვაქცინა პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ პირველ დოზას ელოდებიან.

The Lancet-ის კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ ამჟამინდელი ვარიანტები საკმარისად განვითარებული არ არის ვაქცინებით გამოწვეული იმუნური პასუხისგან თავის დასაღწევად.

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდება, რომელიც იმუნური პასუხისგან თავის დაღწევას შეძლებს, უკეთესი იქნება სპეციალურად მოდიფიცირებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის შექმნა, რომელიც ახალ ვარიანტებზე იქნება მორგებული.

8 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს.