როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სრულყოფილად შეისწავლეს აცრის მაჩვენებლები.

„განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ს დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%, მინიმუმ, ერთი დოზითაა აცრილი. კერძო სკოლების პედაგოგებიდან, მინიმუმ ერთი დოზით, აიცრა 64%, სრულად - 44%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 545 961, გარდაიცვალა 8 233 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.