„გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა. ყველა მაჩვენებლით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი და ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი კლებადია.
„ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრია, მაგრამ აღარაა 60-70 და 80. ყველა მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის. სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს. პირველ რიგში, არსებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავამკაცროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 545 961, გარდაიცვალა 8 233 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.