გიორგი ვაშაძე:  პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი ვინ, რის გაკეთებას აპირებს - თუ არ გაქვს ამბიცია, მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა

გიორგი ვაშაძე:  პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი ვინ, რის გაკეთებას აპირებს - თუ არ გაქვს ამბიცია, მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა

პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნოდ თბილისის გეგმის პრეზენტაცია გამართა.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ნაკლებად არის საუბარი ვინ რის გაკეთებას აპირებს ქვეყნისთვის.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ „მესამე ძალის" მიერ წარდგენილი ქვეყნის განვითარების გეგმა არის ამბიციური და არა სტანდარტული, ამასთან მისი თქმით, არსებული რეალობისა და ორპოლუსიანობის გარღვევისთვის აუცილებელია გაგაჩნდეს ამბიცია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, წარვადგენთ ჩვენს გეგმას და პროგრამას. პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი თუ ვინ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი თუ ვინ რის გაკეთებას გეგმავს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები, იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს მოაგვაროს, სამწუხაროდ, ეს არ ჩანს. „მესამე ძალის" და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ამაშია, ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავალს. ჩვენ არა უბრალოდ ვამბობთ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, არამედ ვამბობთ თუ რისთვის არის ხელისუფლება შესაცვლელი, რის გაკეთებას ვაპირებთ საქართველოს ქალაქებსა თუ რაიონებში. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს ქალაქების, რაიონების და სოფლების ეკონომიკის განვითარება, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ შემოსავალი თითოეულ ოჯახში და რაც მთავარია ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი პროგრამები არის ამბიციური, არ არის სტანდარტული, მაგრამ შენ თუ არ გაქვს ამბიცია მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა, ეს არის ჩვენი ხელწერა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.