ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ახალი ხიბულა, სადაც ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარს ახლდა ძლიერი წვიმა და სრულად გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. მათივე თქმით, ასევე განადგურებულია მოსავალი და სახნავ-სათესი სავარგულები.
ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება.