პაატა იმნაძე:  იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები COVID19-ით აღარ კვდებიან

პაატა იმნაძე: იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები COVID19-ით აღარ კვდებიან

იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია. „მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ასევე ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცცადა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია და რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, კლების ტენდენცია კიდევ შეანელოს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 579 031 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 536 321, გარდაიცვალა 8 146 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.