ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ღონისძიება თსუ-ში გაიმართა, სადაც ვარშავაში (პოლონეთი) გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“-ს გამოცემის 30-ე წლისთავი აღინიშნა და ახალი ნომრის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე, აგრეთვე, შედგა წმიდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა და გამოიფინა წმ. გრიგოლ ფერაძის ფოტოები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.
„საქართველოსა და პოლონეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს; ჩვენი ქვეყნების ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა. მისი თქმით, „ღონისძიებაზე შეკრებილი მეცნიერები საუბრობენ იმ საერთო ტვირთზე, რომელიც ჩვენ ვზიდეთ საბჭოთა პერიოდში. ამის ნათელი მაგალითია წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. შესაბამისად, ჩვენი მკვლევრები იკვლევენ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ მიყენებულ ტკივილს წარსულში და სვლას საერთო ევროპული ოჯახისკენ.“
ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი "Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“ დაარსდა 1991 წელს და მისი დამაარსებელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიურ/ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ყოლბაია. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. „პრო გეორგიამ“ ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობის, ეკლესიის ისტორიის შესწავლას. სტატიები იბეჭდება პოლონურ და ინგლისურ ენებზე. წელს გამოვიდა ჟურნალის 31-ე, საიუბილეო ნომერი. იგი ეძღვნება გამოჩენილ პოლონელ თეოლოგს, ფილოსოფოსს, მთარგმნელს, ვარშავის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, პროფესორ ჰენრიკ პაპროცკის (მისი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით).
ამასთანავე, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო კომისია იკვლევს და აქვეყნებს წმ. გრიგოლ ფერაძის ნაშრომებს, ქადაგებებს და დღიურებს. გამოიცა თხზულებათა კრებულის 4 ტომი პოლონურ ენაზე ჰენრიკ პაპროცკის რედაქტორობით და 2 ტომი ქართულ ენაზე დავით ყოლბაიას რედაქტორობით. გროგოლ ფერაძის გერმანულენოვანი შრომები გამოქვეყნდა ჟურნალ „გეორგიკაში“ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის რექტორის მისასალმებელი სიტყვით.
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის განმავლობაში ჟურნალის მთელი ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ვარშავის უნივერსიტეტში შეიქმნება დისციპლინა, რომელსაც ქართველოლოგია დაერქმევა. თავად პოლონელები ამბობენ, რომ ეს არის პოლონური ქართველოლოგია. ჟურნალში მოცემულია ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული და ისტორიული საკითხები და ისტორიული წყაროების თარგმანები. ჟურნალის ყოველ ნომერში იბეჭდება „ქართლის ცხოვრებაში“ თავმოყრილი ტექსტების პოლონურ ენაზე თარგმანები. ბოლო ნომერში დაბეჭდილია „მატიანე ქართლისას“ თარგმანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი აფხაზური ქრონიკები. ამავე დროს, გამოვეცით წმ.გრიგოლ ფერაძის დღიურები. გერმანიაში ვიპოვეთ მნიშვნელოვანი ხელნაწერი ივერიონის ქართველთა მონასტერზე და კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც შესულია ამ წიგნში,“- განაცხადა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ.
საქართველო-პოლონეთის ისტორიკოსთა კომისიის სერიით პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წმ. გრიგოლ ფერაძის დღიურების სამეცნიერო რედაქტორი, წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორია დავით ყოლბაია. „დღიურები“ შეიცავს გრიგოლ ფერაძის აქამდე უცნობ ჩანაწერებსა და დღიურებს, ამონაწერებს პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის საეკლესიო ცნობარიდან. წინამდებარე ნაშრომი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ უდიდესი მოაზროვნის ფიქრებსა და განცდებს იმ მომენტში, როცა ყალიბდება მისი მსოფლმხედველობა და იწყება მისი სულიერი პილიგრიმობა.
„უნივერსიტეტში ჩატარდა მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, რომელმაც ერთხელ კიდევ წარმოაჩინა ქართულ-პოლონური საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობა. დღეს ჩვენ აღვნიშნეთ „პრო-გეორგიას“ - ევროპაში გამომავალი ერთადერთი ქართველოლოგიური ჟურნალის 30 წლის იუბილე, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ევროპაში საქართველოსა და ქართველოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვარშავის უნივერსიტეტმა, ქართველური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საერთაშორისო სამეცნიერო პრემიით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, თსუ პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე,“-განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მოხატულს მარგალიტის თვლებით და მინანქარით, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილს, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული.
წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებულები არიან: ჰენრიკ პაპროცკი; ძველი საბერძნეთისა ისტორიის მკვლევარი ლენგაუერი; ქართველოლოგები -პროფ. ბერნარ უტიე და პროფ. იოსტ გიპერტი; მამა ადამი (ახლაძე), ქართველი სასულიერო პოეტი და ფილოსოფოსი; გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამაარსებელი ილია ფერაძე; წმიდა მიწის ქართველთა სიძვეელების შესწავლისთვის თამილა მგალობლიშვილი და ორიენტალისტი პროფ. გოჩა ჯაფარიძე; გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, კავკასიაში უძველესი არამეული წარწერების აღმომჩენი ვახტანგ ლიჩელი.