კეზერაშვილის მიერ ჩატარებული "ედისონ რისერჩის"კვლევა პოლიტიკურად მიკერძოებულია - რეალობა ის არის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევაში არაპოპულარულ პარტიებს და პოლიტიკოსებს მაღალი რეიტინგი აქვთ, რეალობას კი მათი შიდაპარტიული კვლევა ასახავს.
"ის, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" უცებ აღმოაჩნდა დიდი პროცენტი ან ნაკლებად პოპულარულ პოლიტიკურ სუბიექტს, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ეს ყველაფერი არითმეტიკულად შეიძლება იყოს გამოთვლილი საით მიდის "ედისონ რისერჩის" პოლიტიკური მოსაზრება. ეს კვლევა, ჩატარებული კეზერაშვილის მიერ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სასამართლოში მისი საკითხის განხილვა განახლდა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული კვლევა. რეალობა ის არის, რაც დღეს მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე რეალური და ნამდვილი არის არჩევნები, რომელზეც საზოგადოება პოზიციას გამოხატავს,"- განაცხადა ვოლსკიმ.