ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრის მთავრი თემა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო.
საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, კერძოდ ხმის დათვლის საპილოტე პროექტს და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი წარმომადგენლობა ყურადღებით დააკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სიახლის დანერგვის პროცესს, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნებისთვის გეგმავს.
„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ჩართულობა და დაკვირვება მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო პროცესის სწორად და გამჭვირვალედ წარმართვას. იაპონიის ელჩთან მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მე მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილის და იაპონიის ელჩის შეხვედრა 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.