ირაკლი ზარქუა: საელჩოების განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია

ირაკლი ზარქუა: საელჩოების განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია

გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კონსენსუსით მოხდა. ცვლილებებს ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა და რბილად რომ ვთქვა, ამის ფონზე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია საელჩოების განცხადება, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების განცხადება რეალობას არის აცდენილი.

„მთელი რიგი პუნქტებია, სადაც საუბარია საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევაზე, შემდეგი ორი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ასევე ფრაქციების ოთხი ადამიანით შექმნაზე. ოპოზიციის რომელიმე ნაწილი ამ ცვლილებების წინააღმდეგი ყოფილიყო, მხარს არ დაუჭერდნენ. მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი, მათთვის პრიორიტეტი იყო ბარიერის არჩევა. დანარჩენი არის მცდელობა, რომ პროცესების დრამატიზება მოახდინონ. მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, როგორი კონსტიტუცია გვექნება.

მეგობრებს მადლობა რჩევისთვის, მაგრამ სადაც პრობლემა არ არის, იქ არ უნდა შევქმნათ. ამ ქვეყნის მომავალი უკავშირდება ევროკავშირს და ეს კონსტიტუციაში ავსახეთ. რადიკალურ ოპოზიციას სამი თვის განმავლობაში 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და სხვათა შორის, ცალკეული საელჩოების მხრიდან მათ მიმართ ასეთი მკაცრი განცხადებები არ მახსოვს, რაც ეკუთვნოდათ. როცა აქცენტირება კეთდება გენერალური პროკურორის არჩევაზე კვალიფიციური უმრავლესობით, რაც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ეს მგონია, რომ აცდენილია. ეს შეიძლება ვიღაცას ეწყინოს და ვიღაცას - არა. თუ მოლოდინი აქვთ საელჩოებს, რომ 2026 წელსაც ჩვენ ვიქნებით, მაშინ კი ბატონო, ჩვენც ასე გვჯერა და გვწამს, მაგრამ მაინც მგონია, რომ უსაფუძვლო იყო განცხადებაა, როცა ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსენსუსი“, - განაცხადა ზარქუამ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის არშესრულების გამო „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბერს მიიღო. ცვლილებებს 126-მა დეპუტატებმა დაუჭირა მხარი და არცერთი წინააღმდეგი არ იყო.