ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ჩრდილოეთ მაკედონიის სპიკერის ვიზიტს საქართველოში და ასევე საპარლამენტო ურთიერთობების უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საუბარი ძირითადად ეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ნატოში სულ ახლახან გაწევრიანდა და ახლა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ერთი ნაბიჯით წინ არიან ამ პროცესში და ამ კუთხით მათთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ჩრდილოეთ მაკედონიის სპიკერის ვიზიტს საქართველოში და ასევე საპარლამენტო ურთიერთობების უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას. რაც შეეხება, იტალიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას, განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენს გეგმებზე და ვისაუბრეთ სექტორულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა მწვანე ეკონომიკის მიმართულებით იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა, როგორც ევროპულ ქვეყნებთან, ასევე აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან. ასეთი ფორუმები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გამოიყენოს თავისი ინტერესების წინ წასაწევად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.