მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან (ვიდეო)

მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან (ვიდეო)

ირაკლი ალასანია ორი საათის განმავლობაში ჟურნალისტების კითხვებს „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში პასუხობდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას რეგიონული და უცხოური მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს უწყებაში გატარებული რეფორმები, დაგეგმილი ცვლილებები და თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

თავდაცვის მინისტრმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ უწყება ყველაზე დახურული და მაღალი კორუფციული რისკის მქონედ ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მედიასთან და არასამთავრობოებთან მუშაობას ექცევა. მომავალშიც მედიისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად.

ირაკლი ალასანიამ დღეს მედიასთან საუბრისას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უწყებაში ჩამოყალიბებული მთავარი ღირებულება, მეომარი და მისთვის შექმნილი პირობები დაასახელა. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც უწყების თანამშრომელთა 89 პროცენტისთვის ხელფასების 25 პროცენტით მატებას გულისხმობს. ასევე, ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 1000 დოლარამდე გაიზარდა. მინისტრი დღეს ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკითხსაც შეეხო, რაც მინისტრისა და ჯარისკაცის თანაბარ სადაზღვევო პაკეტს ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის მინისტრმა დღეს უწყების გამჭვირვალეობაზე გაამახვილა, რაც სამოქალაქო კონტროლის და საპარლამენტო ზედამხედველობის ამაღლებას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანო უწყების ფინანსურ დანახარჯებზე კონტროლის მექანიზმს გაამკაცრებს.