მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უკვე რვა წელია, საქართველოში ჩამოსვლა უნდა და ამას ვერც ამჯერად გააკეთებს. თუ მის ჩამოსვლას თეორიულად მაინც წარმოვიდგენთ, მას ქართული მართლმსაჯულების გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, საზღვართან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დახვდება, სადაც ის მხილებულია სისტემურ დანაშაულში, 300 000-ზე მეტი პრობაციონერი, 2008 წლის ომის რამდენიმე ათეულობით ათასი ლტოლვილი, წართმეული ქონებით ბიზნესმენები და უამრავი პრობლემა, რაც მან დატოვა და არ მგონია, ამის შემდგომ გაუჩნდეს სურვილი საქართველოში ჩამოსვლის და იმ სასჯელის მოხდის, რაც რა თქმა უნდა, არ ასცდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.