COVID-19-ით ინფიცირების კლება, ცალსახად შეზღუდვებმა გამოიწვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, „იმედის დილაში“ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აცრების ეფექტის დათვლა ოქტომბერშია შესაძლებელი, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. „თუმცა აცრების შემთხვევაშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ის რეგულაციები, რომლებიც დასახელებულია პანდემიის დაწყების პირველი დღიდან, მის დასრულებამდე სავალდებულო უნდა დარჩეს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 567 922 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 523 669, გარდაიცვალა 7 917 პაციენტი.